English (United Kingdom)Georgian (Georgia)
Home | პუბლიკაციები TUESDAY, 22 მაისი 2012

ნავიგაცია

კალენდარი

April 2012 May 2012 June 2012
Su Mo Tu We Th Fr Sa
Week 18 1 2 3 4 5
Week 19 6 7 8 9 10 11 12
Week 20 13 14 15 16 17 18 19
Week 21 20 21 22 23 24 25 26
Week 22 27 28 29 30 31

კენჭისყრა

ემხრობით თუ არა უმუშევართა შემწეობის დაწესებას ?
 

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება (სპკგ) მოიცავს 22 ორგანიზაციას (ორ რეგიონალურ და 20 სექტორულ ორგანიზაციას). მასში გაერთიანებულია 235824 წევრი (ქვეყანაში დასაქმებულთა დაახლოებით 84%), რომელთაგან 142365 რეგულარულად იხდის პროფესიული კავშირის საწევროს. წევრები უხდიან ხელფასის 1%-ს მათ სამუშაო ადგილებზე დაფუძნებულ პირველად ორგანიზაციებს.

პარტნიორები

ბმულები

ბეჭდვა ელფოსტა

 

 


საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების პოზიცია

 


საქართველოს შრომის ბაზარზე
გლობალური ფინანსური კრიზისის მზარდი უარყოფითი გავლენის პირობებში დასაქმებულთა და უმუშევართა  უფლებების უზრუნველყოფისათვის აუცილებელი სასწრაფო ღონისძიებების შესახებ

 


გლობალური ეკონომიკური კრიზისი რეალობაა და სამწუხაროდ, საერთაშორისო საფინანსო სისტემაში საქართველოს ეკონომიკის არცთუ მჭიდროდ ინტეგრირების ფონზეც კი, მისი გავლენა ჩვენი ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე სულ უფრო მძიმედ აისახება. მიუხედავად უპრეცედენტო საერთაშორისო ფინანსური დახმარებისა, რომელიც ჩვენს ქვეყანას გაეწევა მომდევნო სამი წლის განმავლობაში, ეკონომიკური განვითარება უკვე მნიშვნელოვნადაა შეფერხებული და გამოყოფილი 4,5 მილიარდი აშშ დოლარი საკმარისი ვერ იქნება 2008 წლის ივლისამდე არსებული ეკონომიკური კონდიციების აღსადგენად.
გასული წლის ოქტომბრის თვეში ბრიუსელში გამართულმა დონორთა კონფერენციამ, სადაც მიღებულ იქნა გადაწყვეტილება აღნიშნული ფინანსური დახმარების პაკეტის შესახებ, შეაფასა და გაითვალისწინა მხოლოდ ის ზარალი, რომელიც რუსეთის აგრესიის შედეგად საქართველოს ეკონომიკას მიადგა. 2008 წლის სექტემბერ-ოქტომბერში მსოფლიო ბანკის, გაეროსა და ევროკომისიის ერთობლივი ექსპერტთა ჯგუფის მიერ “საჭიროებათა შეფასება” (Joint Needs Assessment) განხორციელდა გლობალური კრიზისის განვითარებამდე, შესაბამისად, მას არ უმსჯელია საქართველოს ეკონომიკაზე გლობალური კრიზისის შესაძლო გავლენის შესახებ. აღსანიშნავია, რომ მსოფლიო ბანკის წარმომადგენელთა განცხადებით, აგვისტოს კონფლიქტის შედეგად გაუარესებული საინვესტიციო გარემოს, დაზიანებული ინფრასტრუქტურის, საბანკო სექტორში შექმნილი პრობლემების და სხვა მიზეზთა გამო, საქართველოს მთავრობა უკვე სექტემბერის თვეში გამოთქვამდა შიშს 100 000 სამუშაო ადგილის დაკარგვის შესახებ. ვარაუდი, რომ გლობალური ფინანსური კრიზისი კიდევ უფრო დაამძიმებს ზემოთაღნიშნულ უმუშევრობის სურათს, სამწუხაროდ, სავსებით ლოგიკურია.
უმუშევრობის პრობლემასთან ბრძოლას გაცილებით ართულებს ქვეყანაში შრომის ბაზრის სფეროში ექსპერტული კვლევების ნაკლებობა, სანდო და ხარისხიანი სტატისტიკური მონაცემთა ბაზის არარსებობა. ფინანსურ-ეკონომიკური კრიზისის პირობებში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მსგავსი სახის ინფორმაციის სისტემატურად გამოქვეყნებას, რაც ხელისუფლებასა და საზოგადოებას საშუალებას აძლევს მოვლენათა განვითარების პულსს გრძნობდეს და საჭიროების შემთხვევაში დროულად ჩაერიოს სიტუაციის კორექტირების მიზნით.
2008 წლის ნოემბერში ვაშინგტონში, მსოფლიოს 20 წამყვანი ეკონომიკის მქონე ქვეყნების ლიდერთა შეხვედრაზე, მიღწეულ იქნა შეთანხმება გლობალური ფინანსური სისტემის ახალი არქიტექტურით ჩამოყალიბების აუცილებლობის შესახებ. აღნიშნული მოლაპარაკებების დროს, რომელშიც მონაწილეობდნენ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების ხელმძღვანელებიც, გადაწყდა, რომ გლობალური საფინანსო სისტემის მარეგულირებელი ჩარჩოს შექმნის საკითხში წაყვანი როლი საერთაშორისო სავალუტო ფონდს დაეკისრებოდა. ამ უკანასკნელის მმართველი დირექტორის ბ-ნ დომინიკ სტროს-კანის, ისევე როგორც მსოფლიო ბანკის პრეზიდენტის ბ-ნ რობერტ ზელიკის მოსაზრებით, გლობალური კრიზისის პირობებში შრომითი უფლებების შეზღუდვა უფრო მეტი ლიბერალიზაციის ან დერეგულაციის სასარგებლოდ, გაუმართლებელი ნაბიჯი იქნებოდა. ასევე მათი საერთო პოზიციაა, რომ საფინანსო ბაზრები და კაპიტალის გლობალური მიმოქცევა გარკვეულ რეგულირებასა და მონიტორინგს უნდა დაექვემდებაროს, რათა გამოირიცხოს ახალი სპეკულაციური სქემები და კაზინოს ეკონომიკის ისეთი მოდელები, რომელთა მიზეზითაც განვითარდა გლობალური საფინანსო კრიზისი.
ნებისმიერი კრიზისის დროს ყველაზე მეტად დასაქმებული ადამიანები და მათი ოჯახები ზარალდებიან. ასე მოხდა გლობალური სასურსათო და საწვავის კრიზისის დროს, ასე ხდება ახლაც. შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ანალიზით, რომელიც გაკეთდა გლობალური ფინანსური კრიზისის დასაწყისში, 20 მილიონი ადამიანი შეუერთდებოდა მსოფლიოში უმუშევართა რიგებს, ხოლო დამატებით 40 მილიონი ადამიანის შემოსავალი შემცირდებოდა 1 აშშ დოლარამდე დღეში, ანუ იცხოვრებდა სიღატაკის ზღვარს ქვემოთ. თუმცა, შემდგომში განვითარებულმა მოვლენებმა აჩვენა, რომ აღნიშნული შეფასება შესაძლოა ძალზედ რბილიც კი აღმოჩნდეს, ანუ სიტუაცია გაცილებით უფრო გაუარესდეს.  
მივესალმებით საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებას სახელმწიფო ბიუჯეტისა და საერთაშორისო დახმარების მნიშვნელოვანი ნაწილის ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისაკენ მიმართვის შესახებ, თუმცა მიგვაჩნია, რომ მთავრობამ ბოლომდე უნდა გაითვალისწინოს “ვაშინგტონის დეკლარაციის” სულისკვეთება და ინვესტიციები უნდა განხორციელდეს განათლებასა და ჯანდაცვაშიც, რაც სხვა ფინანსური ინსტრუმენტების გამოყენებასთან კომბინაციაში მოთხოვნის ზრდის სტიმულირებას მოახდენს. ამ ნაბიჯების პარალელურად უნდა გატარდეს ღონისძიებები საგადასახადო და ხარჯვით პოლიტიკაში, რათა გაიზარდოს მცირე და საშუალო შემოსავლების მქონე ადამიანების  მსყიდველუნარიანობა. ხელისუფლებამ უნდა იზრუნოს, რათა ეკონომიკის გაჯანსაღებისაკენ მიმართული თანხებით იქმნებოდეს სამუშაო ადგილები ღირსეული და სამართლიანი შრომის პირობებით, არ უნდა მიეცეს უკონტროლო ხარჯვის საშუალება სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული პროექტების ბენეფიციარ არცერთ კერძო მეწარმეს. საზოგადოებისათვის გამჭვირვალე და საჯარო უნდა იყოს იმ საბიუჯეტო და საგრანტო თანხების ხარჯვა, რომელიც გაიცა ან გაიცემა ქვეყანაში ეკონომიკური აქტივობის სტიმულირებისათვის, ასევე კრიზისში მყოფი კერძო კომპანიების ლიკვიდურობის შესანარჩუნებლად. ამ გზით დაფინანსებული ინფრასტრუქტურული თუ სხვა სახის პროექტებთან დაკავშირებით სახელმწიფო შესყიდვების წარმოებისას და უშუალოდ განხორციელების ეტაპზეც, გარკვეულ სახელმწიფო და საზოგადოებრივ კონტროლს უნდა დაექვემდებაროს დახმარების მიმღები კერძო კომპანიების სახელფასო პოლიტიკა, რათა გამოირიცხოს მენეჯმენტს, მუშახელსა და სხვა ტექნიკურ პერსონალს შორის ხელფასების არარაციონალური, დაუსაბუთებელი დიფერენციაცია, მიღწეულ იქნას დასაქმების მაქსიმალურად მაღალი დონე, უზრუნველყოფილ იქნას თანხების ეფექტური ხარჯვა.
არაორდინალურ კრიზისულ სიტუაციას ეკონომიკაში, ყოველთვის მოსდევს სოციალური დაძაბულობის ესკალაცია. ისტორიული გამოცდილება გვკარნახობს, რომ მსგავსი კრიზისებიდან გამოსავალს განვითარებული საზოგადოებები სოციალური დიალოგისა და საზოგადოებაში სოლიდარობის განმტკიცების გზით აღწევდნენ. არსებული კრიზისი, რომელიც ემუქრება არამხოლოდ საქართველოს, არამედ მთელს კაცობრიობას, არის ყველაზე საშიში იმ კრიზისებს შორის, რომელიც ოდესმე უნახავს და განუცდია მსოფლიოს.
ამ ფონზე საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება და მისი წევრი პროფესიული კავშირები, მოვითხოვთ სახელმწიფომ მეტი ყურადღება დაუთმოს სამსახურიდან დათხოვნილი ჩვენი დების და ძმების, ასევე მათი ოჯახების პრობლემებს. ხელისუფლებას კრიზისიდან გამოსვლის როგორც გრძელვადიანი, ისე მოკლევადიანი გეგმა უნდა ჰქონდეს შემუშავებული. შეუძლებელია ხელისუფლებამ მოკლევადიან პერიოდში დაასაქმოს მასობრივი დათხოვნების შედეგად უმუშევრად დარჩენილი ადამიანების უმეტესობა. ასეთ ჩვენს თანამოქალაქეებს უსწრაფესად სჭირდებათ დახმარება. მათ იშრომეს წლების განმავლობაში როგორც საკუთარი ოჯახებისთვის, ისე საზოგადოების საკეთილდღეოდ, მათ დაიმსახურეს პატივისცემა და ღირსეული მოპყრობა. სოლიდარობის მცნება ყოველთვის ახლოს იყო ქართველი ადამიანის გულთან და გონებასთან. ეს სიტყვა განსაკუთრებულ დატვირთვას იძენს ახლა, როცა ჩვენი ქვეყანა ორმაგი წნეხის ქვეშაა: ერთის მხრივ რუსეთის მცოცავი, ვერაგული აგრესია და ოკუპაცია, მეორეს მხრივ ეკონომიკური გაჭირვება. ამ მძიმე სიტუაციაში, საქართველოდან ემიგრაციის ახალი ტალღა – ყველაზე არასასურველი, მაგრამ რეალურად შესაძლო შედეგი და საშიშროებაა, რაც ქვეყანამ და მისმა ხელისუფლებამ არ უნდა დაუშვას. დემოგრაფიული სიტუაცია ისედაც კატასტროფულია: გაეროს 2008 წლის პირველი ნახევრის მონაცემებით ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა წელიწადში 35-40 ათასით მცირდებოდა. მდგომარეობის გაუმჯობესების ვარაუდის საფუძველი თითქმის არ არსებობს.
უმუშევრობის შემდგომი ზრდისა და სიღარიბის გაღრმავების თავიდან ასაცილებლად რეალურ საშუალებად, ხელისუფლებას, დამსაქმებლებსა და დასაქმებულთა შორის ერთიანი შეთანხმების მიღწევა მიგვაჩნია. მიუხედავად შრომით და საწარმოო ურთიერთობებში საქართველოს კანონმდებლობის არასრულყოფილებისა, რომელიც ხელისუფლების სუბიექტური დამოკიდებულებით ბიზნესის მიმართ, რბილად რომ ვთქვათ, ძლიერ დაუბალანსებელია დამსაქმებლების სასარგებლოდ, პროფესიულ კავშირებს შესწევს უნარი ღირსეული პარტნიორის როლი შეასრულოს აღნიშნული შეთანხმების შემუშავების, განხორციელებისა და შესრულებაზე მონიტორინგის კუთხით. ამ სიტუაციაში დაუშვებელია მხოლოდ საბაზრო კანონებისა და ლიბერალური მიდგომების შესაბამისად მოქმედება. დღეს სოლიდარობისა და სოციალური სამართლიანობის პრინციპებით ხელმძღვანელობა, ხელისუფლების,  და ზოგადად სამოქალაქო საზოგადოების სიმწიფის, განვითარების ნიშანი იქნებოდა. ამისათვის:

- ამ ეტაპზე აუცილებელია დაწესდეს უმუშევრობის შემწეობა, იმ ოდენობით, რომელიც უმუშევრად დარჩენილ ადამიანებს პირველადი, უმთავრესი მოთხოვნილების დაკმაყოფილების საშუალებასაც მისცემს და იმავდროულად საზოგადოების, სახელმწიფოს მხრიდან სოლიდარობის განწყობას აგრძნობინებს. ამასთან, აღნიშნული ნაბიჯი გაზრდიდა ქვეყნის შიგნით მცირე მეწარმეთა მიერ წარმოებულ პროდუქციასა და მომსახურებაზე მოთხოვნას, ხელს შეუწყობდა სამომხმარებლო აქტივობის გაზრდას და საცალო ვაჭრობასა და მასთან დაკავშირებულ მომარაგების ქსელში დასაქმებულთა სამუშაო ადგილების შენარჩუნებას (აღსანიშნავია, რომ ისეთი ლიბერალური ეკონომიკის მქონე ქვეყანაში, როგორიც ამერიკის შეერთებული შტატებია, ჯერ კიდევ ბუშის ადმინისტრაციის პირობებში, უმუშევრობის შემწეობის გაცემის ხანგრძლიობა 3 თვით გაიზარდა, ხოლო ევროპის ქვეყნებში აღნიშნული სოციალური დაცვის სისტემა გაცილებით მეტ გარანტიებს სთავაზობს უმუშევრად დარჩენილ მოქალაქეებს). 
- უნდა გაიზარდოს დამსაქმებლების სოციალური პასუხისმგებლობა მათი ინიციატივით დასაქმებულთა გათავისუფლების დროს გასასვლელი დახმარების, ანუ კომპენსაციის ოდენობის გაზრდის გზით. მითუმეტეს, რომ კერძო სექტორში დასაქმებულები ამ კუთხით დისკრიმინაციულ მდგომარეობაში იმყოფებიან საჯარო სექტორში დასაქმებულებთან შედარებით (კანონი “საჯარო სამსახურის შესახებ” საჯარო მოხელეებს დათხოვნის შემთხვევაში 2 თვის გასასვლელი დახმარებით უზრუნველყოფს, ხოლო კერძო სექტორში მომუშავეებს მხოლოდ 1 თვის ხელფასი ეძლევათ)
- ორსულობისა და მშობიარობის გამო დეკრეტული შვებულების ანაზღაურების საკითხი უფრო სამართლიანად უნდა გადაწყდეს. დახმარების 600 ლარიანი ჭერი დაწესდა 2006 წელს, მაშინ როცა დასაქმებულთა ხელფასიდან სახელმწიფო ბიუჟეტის სასარგებლოდ დაკავებული საშემოსავლო გადასახადი 12% იყო. აშკარაა, რომ იგივე საშემოსავლო გადასახადის 20-25%მდე გაზრდის შემთხვევაში აღნიშნული განაკვეთი იგივე არ უნდა დარჩეს. უსამართლობის შეგრძნებას აძლიერებს ის ფაქტიც, რომ ბოლო წლების განმავლობაში სამომხმარებლო და მომსახურების (განსაკუთრებით კომუნალურ, სამედიცინო, მშობიარობის, ბავშვის მოვლის) ფასები მნიშვნელოვანად გაიზარდა, შესაბამისად გაიზარდა საარსებო მინიმუმის ოდენობა, რომ არაფერი ვთქვათ სამომხმარებლო კალათაზე და დეკრეტული შვებულების ანაზღაურების საერთაშორისო სტანდარტზე. აღნიშნული საკითხის განხილვისას ხელისუფლებამ და საზოგადოებამ ქვეყნის დემოგრაფიული პრობლემის ადეკვატური გადაწყვეტილება უნდა მიიღოს.
- უნდა გაიზარდოს კოლექტიური მოლაპარაკებების, როგორც სოციალური დიალოგის გზით საწარმოო კონფლიქტების გადაჭრის მექანიზმის როლი. ხელისუფლებას ეკისრება პასუხისმგებლობა აღნიშნული მექანიზმის ეფექტურ იმპლემენტაციასთან დაკავშირებით. შექმნილ კრიზისულ ეკონომიკურ და პოლიტიკურ ვითარებაში, სოციალური მშვიდობის უზრუნველყოფა მხოლოდ სამართლიანი სოციალური დიალოგითაა შესაძლებელი.
- სამედიცინო დაზღვევის გაძვირების შედეგად, ამ სასიცოცხლო მომსახურების ხელმისაწვდომობის სულ უფრო და უფრო გართულების პირობებში, აუცილებელია გაიზარდოს ბიზნესისა და სახელმწიფოს პასუხისმგებლობა. დამსაქმებლებისათვის სავალდებულო უნდა გახდეს მათ მიერ დასაქმებულთა სამედიცინო დაზღვევით უზრუნველყოფა. სახელმწიფოს მიერ სიღატაკის ზღვარს მიღმა მყოფთა ჯანმრთელობის დაზღვევა, არასაკმარისი ღონისძიებაა, ვინაიდან სხვა დაბალი, ან თუნდაც საშუალო შემოსავლების მქონე ოჯახებისათვის ერთიორად გაძვირებული სამედიცინო მომსახურება, მათაც ღარიბთა კატეგორიაში აქცევს. საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება მზადაა, შესაბამისი ხელშემწყობი საკანონმდებლო ცვლილებების პირობებში, აიღოს პასუხისმგებლობა ამ კატეგორიის, მათ შორის, არაფორმალურ სექტორში დასაქმებულთა ჯანმრთელობის დაზღვევის ორგანიზებასთან დაკავშირებით. იმის გათვალისწინებით, რომ სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის სამედიცინო დაზღვევის სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეთა მნიშვნელოვანი ნაწილი, ჩართულია არაფორმალურ ეკონომიკურ საქმიანობაში, ზემოთაღნიშნული იდეის განხორციელება, სახელმწიფო ბიუჯეტის თანხების დაზოგვასთან ერთად, მნიშვნელოვნად შეამსუბუქებდა ამ სფეროში მიმდინარე მტკივნეულ პროცესებს.

სურვილისა და კეთილი ნების არსებობის შემთხვევაში, ხელისუფლებას, როგორც აღმასრულებელს, ისე საკანონმდებლოს, შეთავაზებული ღონისძიებების დასაფინანსებლად მარტივად შეუძლია რეზერვების გამონახვა არსებულ 2009 წლის ბიუჯეტში. ამისათვის, საჭიროა გადაიხედოს პარლამენტისა და მთავრობის ზოგიერთი უწყების ბიუჯეტები, განსაკუთრებით, გაზრდილი სახელფასო, საოფისე, მივლინებების, ტრანსპორტისა და კაპიტალური ხარჯების ნაწილში (კონკრეტული წყაროები მითითებულია იმ კანონპროექტებსა და თანდართულ განმარტებით ბარათებში, რომელიც საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებამ საქართველოს პარლამენტს წარუდგინა საკანონმდებლო ინიციატივის სახით, და რომლის მხარდასაჭერადაც მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს ათიათასობით საქართველოს მოქალაქის ხელმოწერების შეგროვება).

გლობალური საფინანსო კრიზისი, რომელიც კარგა ხანია ეკონომიკურ კრიზისში გადაიზარდა, ხელისუფლებისა და საზოგადოებისაგან ადეკვატურ რეაგირებას მოითხოვს. დღეს “ქამრების მოჭერის” დროა, რაც განვითრებული, ჰუმანური იდეების მიმდევარი საზოგადოების ენაზე თანადგომის, სამართლიანობისა და სოლიდარობის მცნებების ყოველდღიურ ცხოვრებაში უმთავრეს სამოქმედო პრინციპებად გამოყენებას ნიშნავს.


 


    პატივისცემით,

 

 

 ირაკლი პეტრიაშვილი


   თავმჯდომარე

 

 

 
ბეჭდვა ელფოსტა

2008 წლის 31 ოქტომბერს მიღებული ერთობლივი განცხადების საფუძველზე წარმოებული კონსულტაციების შედეგად სოციალურმა პარტნიორებმა მიაღწიეს

 

სამმხრივ შეთანხმებას


I

სამმხრივი დიალოგის ეფექტურად წარმოებისათვის შემუშავდა
სამუშაო გეგმა:


- სოციალური პარტნიორები: მთავრობის, დამსაქმებელთა ასოციაციისა და საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების წარმომადგენლები იკრიბებიან ორ კვირაში ერთხელ მაინც, მიმდინარე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის განხილვისა და წარმოქმნილი პრობლემების გადაჭრის მიზნით;
- სამმხრივი დიალოგის ფორმატში პრობლემური საკითხების განსახილველად, მხარეები იწვევენ ექსპერტებს თითოეული მხრიდან 5 კაცის რაოდენობით;  
- პრობლემების გადასაჭრელად მხარეები განახორციელებენ კონკრეტულ ერთობლივ ღონისძიებებს;
- ღონისძიებები განხორციელდება Ad Hoc კომისიის ფორმატში, ამასთან, განისაზღვრება კომისიების ფუნქციონირებისათვის დროებითი დებულებები;
- დროებითი კომისია გადაწყვეტილებებს იღებს კონსენსუსის საფუძველზე;
- დროებითი კომისიის გადაწყვეტილებები სავალდებულოა მხარეებისათვის შესასრულებლად;
- საქართველოს მთავრობა გამოყოფს შესაბამის დაფინანსებას დროებითი კომისიების ფუნქციონირებისათვის, ასევე სამმხრივი დიალოგის ფარგლებში გამართული შეხვედრების მოსამზადებლად;
- შეხვედრების მოსამზადებლად, საოქმო ჩანაწერების, მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ საქმის წარმოებისათვის, მთავრობა ნიშნავს პასუხისმგებელ პირს და უზრუნველყოფს მის დაფინანსებას შესაძლებლობის ფარგლებში.


II

სამმხრივი დიალოგის ფარგლებში მხარეები:

- განიხილავენ სოციალურ და ეკონომიკურ საკითხებთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ინიციატივებს;

- შეიმუშავებენ ღონისძიებებს, როგორც კანონმდებლობით, ისე პრაქტიკაში, მათ შორის შრომის კოდექსში, კოლექტიური მოლაპარაკებებისა და ორგანიზების უფლების ეფექტურად გამოყენებასთან დაკავშირებით პროგრესის მისაღწევად;

- გააღრმავებენ თანამშრომლობას და კონსულტაციებს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციასთან ღირსეული შრომისა და ცხოვრების პირობების უზრუნველყოფისაკენ მიმართული ღონისძიებების გასატარებლად. 

 

დიალოგის ფარგლებში მიღებული კონკრეტული გადაწყვეტილებები ხელისუფლებისათვის უნდა ატარებდეს, როგორც მინიმუმ რეკომენდაციის ხასიათს, რომელსაც გადაწყვეტილებების მიღებისას მხარეები მოეპყრობიან პატივისცემით.

 

სამმხრივი დიალოგი და კონკრეტული ღონისძიებები ასევე განხორციელდება შემდეგ საკითხებთან დაკავშირებით:


1. ჯანმრთელობის დაცვის ღონისძიებები ეკონომიკის, როგორც არაფორმალურ, ისე ფორმალურ სექტორებში დასაქმებულთათვის;
2. დასაქმებულთა და დამსაქმებელთა ინტერესებისა და უფლებების დაცვის მდგომარეობა;
3. სამუშაო ადგილებზე შრომის უსაფრთხოება და ჟანმრთელობის დაცვა;
4. შრომის უსაფრთხოების სტანდარტების შემუშავება ეკონომიკის სხვადასხვა დარგებში (მაგ. მშენებლობა, სამთომოპოვება და ა.შ.);
5. უმუშევრობის დაზღვევის სისტემები;
6. საპენსიო სისტემის რეფორმა;
7. რეგიონების დონეზე სამმხრივი დიალოგის განვითარება.


წინამდებარე შეთანხმებაში დამატებების შეტანა შესაძლებელია მხარეთა შორის შეთანხმებით.

სოციალური პარტნიორები და მთავრობა შეთანხმების ხელმოწერიდან ყოველ ექვს თვეში, განიხილავენ და შეაფასებენ, თუ რა პროგრესი იქნა მიღწეული შეთანხმების შესრულებასთან დაკავშირებით და იმსჟელებენ სამომავლო ნაბიჟებისა და ღონისძიებების შესახებ.

ალექსანდრე კვიტაშვილი

 


საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
 

 ირაკლი პეტრიაშვილი

 


საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარე

 

 ელგუჯა მელაძე

 


საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის პრეზიდენტი

 

 

 

 

 

 

 

 


 

 
ბეჭდვა ელფოსტა

 საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარის

ირაკლი პეტრიაშვილის გამოსვლა

ევროპის პროფკავშირების რეგიონული  საბჭოს სხდომაზე
ბუდაპეშტი, 2008 წლის 1-3 სექტემბერი


მადლობას გიხდით რომ, მომეცით საშუალება და დრო გაგაცნოთ საქართველოში შექმნილი ვითარება. მადლობას ვუხდი ყველა იმ ქვეყნის ორგანიზაციას, რომლებიც პირადად დამიკავშირდნენ და გამოგვიგზავნეს მხარდაჭერის წერილები. იქედან გამომდინარე, რომ ეს სია საკმაოდ გრძელია, მე არ შევუდგები ამ ქვეყნების ჩამოთვლას, მაქვს სურვილი რომ პირადად შევხვდე მათ და გადავუხადო მადლობა, დღეს ოფიციალური შეხვედრის შემდეგ. დიდი მადლობა ITUC-ის  და ETUC-ის ხელმძღვანელობას.
იმისათვის რომ სრულყოფილი წარმოდგენა გქონდეთ საქართველოში შექმნილ მდგომარეობაზე, აუცილებელია იცოდეთ ამ კონფლიქტის პრეისტორია, ეს კი გასული საუკუნის 90- იანი წლებიდან  მოვლენების თანმიმდევრულად წარმოდგენას მოითხოვს, რასაც დიდი დრო სჭირდება და მე არ მინდა ბოროტად ვისარგებლო თქვენი დროით. მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ უამრავ კოლეგას, რომლებიც მიკავშირდებოდნენ ტელეფონით და აინტერესებდათ დეტალები, შემოგთავაზებთ გარკვეულ ქრონოლოგიას მოვლენებისა. თუნდაც იმიტომ, რომ ოკუპანტების სურვილი მხოლოდ ჩემს ქვეყანაში გავლენის მოპოვება არ გახლავთ და თუ საერთაშორისო თანამეგობრობამ ისინი დროზე არ შეაჩერა, ვფიქრობ სხვა ქვეყნებსაც ექნებათ პრობლემები. აქედან გამომდინერე, ვფიქრობ ცუდი არ იქნება, ჩემმა კოლეგებმა იცოდნენ იმ სცენარის შესახებ, რასაც კრემლი გეგმაზომიერად ახორციელებს ჩემს ქვეყანაში ბოლო 19 წლის მანძილზე. ნურავინ იფიქრებს, რომ სხვა ქვეყნისათვის იქნება სხვა სცენარი. სხვა სცენარის მოფიქრებას სჭირდება მეტი ტვინი და ფანტაზიის უნარი, რომელიც კრემლის ხელმძღვანელებს არ გააჩნიათ. ისინი მოქმედებენ ცნობილი რუსული სლოგანის თანახმად “сила есть ума не надо”.
შუადღეს, სადილზე შესვენებამდე 20 წუთით ადრე, ამავე დარბაზში ნაჩვენები იქნება ჩვენს მიერ საქართველოდან ჩამოტანილი დოკუმენტური კადრები ქართველი ჟურნალისტების მიერ საომარ პირობებში მომზადებული სიუჟეტებიდან, რომლებიც ასახავს რუსეთის შეიარაღებული ძალების მხრიდან მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვის, კასეტური ნაღმების გამოყენების, მარადიორობის, უცხოელ და ქართველ ჟურნალისტებზე თავდასხმის ფაქტებს. 
იმისათვის რომ, დაესაჯათ თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის მოსურნე ქართველი ერი, ჯერ კიდევ 1989 წლის 9 აპრილს მოაწყეს მასიური ხოცვა თბილისის ცენტრში, რათა ჩაეცხროთ ჩვენი დამოუკიდებლობისაკენ სწრაფვა. მიუხედავად ამისა, საქართველომ მაინც გამოაცხადა დამოუკიდებლობა და აირჩია დასავლური კურსი, რათა დაბრუნებოდა იმ ევროპულ წიაღს, საიდანაც მოვიკვეთეთ საბჭოთა ანექსიის შემდეგ.
ამის შემდეგ რუსეთის პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ დაიწყო საქართველოში ჩადებული ნაღმების ამოქმედება, რომელიც ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში იყო ჩადებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ავტონომიების სახით. კრემლი ასევე ცდილობდა საქართველოს ტერიტორიაზე კომპაქტურად ჩასახლებულ ეთნიკური აზერბაიჯანელებისა და სომხების დაპირისპირებას ქართულ საზოგადოებასთან, რაც ამ ეთნოსების და ჩვენს სასახელოდ უნდა ითქვას, რომ არ გამოუვიდათ და დარწმუნებული ვარ, რომ არც არასოდეს გამოუვათ, რადგან ჩვენ მრავალეროვნული ქვეყანა ვართ და ჩვენი სიძლიერე მდგომარეობს იმაში, რომ საქართველო, ჩვენს ქვეყანაში მცხოვრები ყველა ეთნოსის საკუთრებაა. მაგრამ კრემლი მაინც ცდილობდა ეჩვენებინა ჩვენთვის, რომ თუ მისი გავლენიდან გამოსვლას შევეცდებოდით, ხოლო გავლენიდან გამოსვლა გონებასუსტებისათვის ნიშნავდა ევროინტეგრაციას და ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებას, გააქტიურებდა ავტონომიებს და მათი დამოუკიდებლობის მოთხოვნით დაანაწევრებდა საქართველოს. ასე გაჩაღდა ომები აფხაზეთსა და ოსეთში 90-იან წლებში, სადაც გვებრძოდნენ რუსეთის რეგულარული არმიის დანაყოფები.
მაგარამ იყო რაღაც, რაც მათ ხელს უშლიდა საბოლოო მიზანის მისაღწევად, ეს იყო ეთნიკური ქართველები, ასევე უკრაინელები, ესტონელები, ბერძნები და ასევე სხვა ეთნიკური ჯგუფების წარმომადგენლები, რომლებიც არასოდეს არანაირი ფორმით არ დათანხმებოდნენ საქართველოს დანაწევრებას. აფხაზეთში 90-იან წლებში ცხოვრობდა 450 ათასი ადამიანი, აქედან 320 ათასი იყო ქართველი, 65 ათასი - აფხაზი და დანარჩენი სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფები. ქართველები კრემლის მიერ პროვოცირებული ომის შედეგად გამოძევებულები იქნენ ამ პროვინციიდან. ამ ეთნიკური წმენდის შემდეგ კრემლის უშუალო პატრონაჟით, ჩატარდა რაღაც რეფერენდუმის მაგვარი და ამ პროვინციაში დარჩენელმა მოსახლეობამ გამოაცხადა დამოუკიდებლობა. საერთაშორისო თანამეგობრობის ინერტულობამ ჩემს ქვეყანაში განვითარებული მოვლენების მიმართ კიდევ უფრო მეტი თავხედობის საშუალება მისცა კრემლს და ცინიზმამდე აიყვანა თავისი განზრახვა: ვითომ და მშვიდობის მიზნით პირობითი საზღვარი გაავლო მხარეებს შორის და შეეცადა თავისი სისხლიანი ხელების მშვიდობისმყოფელის მანტიით დამალვას. სინამდვილეში კი მუდმივად ასპონსორებდა სეპარატისტულ რეგიონებს, რომლებიც პერიოდულად ათასგვარ პროვოკაციებს უწყობდნენ დემოკრატიისა და დამოუკიდებლობისაკენ მიმავალ ქვეყანას და ქართველ მშრომელებს. თუმცა ჩემი ახსნაგანმარტება არ სჭირდება იმას, თუ როგორი მშვიდობისმყოფელები იყვნენ რუსები. ის რაც ჩვენ ვიცოდით და რასაც ხმამაღლა ვამხელდით მრავალი წლის განმავლობაში, ვფიქრობ თვითონ დაუმტკიცა და დაანახა მთელ მსოფლიოს, საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენებით და სააბოლოოდ დაგვირგვინებული ამ ორი პროვინციის დამოუკიდებლობის აღიარებით.
ის რაც მოხდა აფხაზეთში, იგივე ხდებოდა სამხრეთ ოსეთში, უბრალოდ 90-იან წლებში ვერ მოხერხდა სამხრეთ ოსეთის გაწმენდა ქართველებისაგან. სადაც 160 ათასი მოსახლიდან 120 ათასი  იყვნენ ქართველები, 36 ათასი – ოსები და 4 ათასი სხვადასხვა ერების წარმომადგენლები. ამიტომ გახდა აფხაზეთის სცენარის გათამაშება სამხრეთ ოსეთშიც საჭირო. დღეს მიზანი შესრულებულია, 120 ათასი ქართველი საკუთარ სამშობლოში კრემლის ფაშისტური მეთოდებით  დევნილად იქცა. ძნელი არ არის გახსენება იმისა, თუ მე-20 საუკუნის რომელ პერიოდში გაისმა პირველად ასეთი ფრაზები: “თქვენ შეცდომით დაიბადეთ და შეცდომით ცხოვრობდით დამოუკიდებელ “სხვა სახელმწიფოში”. ფაშიზმი ფეხს სწორედ ასე იდგამდა.
       კოლეგებო თქვენ იცით, რა ძალისხმევის ფასად უწევდა საქართველოს პროფკავშირებს გაჩანაგებული და გაპარტახებული ორგანიზაციის ფეხზე დაყენება არარსებულ პროფკავშირებში გაწევრიანების მოტივაციის დამკვიდრება და გამყარება, აქტუალობის მიხედვით, პოლიტიკური პრობლემების გამო მეათე ხარისხოვნად ქცეული სოციალური პრობლემების გააქტიურება და მათი გადაჭრის გზების ძიება ჩემს კოლეგებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან, მათ ხელმძღვანელებთან ერთად, საპროტესტო აქციების, სასამართლოების, კადრებისთვის კვალიფიკაციის ამაღლების გზით გულქვა ნეოლიბერალური იდეოლოგიის გალღობისათვის და ხელისუფლების სოციალური ორიენტაციის ამაღლებისათვის იმ პირობებში როცა 120 ათასი ლტოლვილი გყავს, როცა შენს მოქალაქეებს, წევრებს კლავენ, აძევებენ საკუთარი სახლებიდან, რომელებსაც შემდგომში ბულდოზერებით ასწორებენ მიწასთან, რათა ამ ხალხს იქ დაბრუნების იმედიც კი მოუკლან – ძნელია კონცენტაციის მოხდენა და ჩვეულებრივ რეჯიმში მუშაობის გაგრძელება, საუბარი პენსიებისა და ხელფასების გაზრდაზე, სამართლიანი კანონების მიღებაზე, სოციალურ სამართლიანობასა და დიალოგზე, ისევე როგორც ეს თემები კარგავდა აქტუალობას ევროპაში 1939-1945 წლებში, ასევა საქართველოშიც. მიუხედავად ყველა ამ პრობლემისა, საქართველოს პროფკავშირების კონფედერაცია ყველაფერს იღონებს, ჰუმანიტარული დახმარების ღონისძიებებთან ერთად, რათა არ შეაჩეროს ძალისხმევა პროფკავშირების რეფორმირების, გაძლიერების და ახალი კადრების მოზიდვისათვის. შევეცდებით ყველა ის პროექტი, რომელიც დაწყებულია ITUC, ILO-ს და სხვა ორგანიზაციების დახმარებით, ბოლომდე მივიყვანოთ.
მოგაწვდით მოკლე სტატისტიკურ მონაცემებს დაზარალებული პროფკავშირის წევრების შესახებ დარგების მიხედვით:

მასწავლებელთა პროფკავშირი – 8 000 დევნილი
სამედიცინო პროფკავშირი – 500 დევნილი,  25 დაჭრილი
სოფლის მეურნეობის პროფკავშირი- 120 დევნილი, 50 დაჭრილი
დოკერების პროფკავშირი – 3 გარდაცვლილი, 5 დაჭრილი
საჯარო მოსამსახურეების პროფკავშირი – 734 დევნილი, 14 გარდაცვლილი
ხელოვნების მუშაკთა პროფკავშირი – 307 დევნილი
რკინიგზის მუშაკთა პროფკავშირი – 18 დევნილი, 2 გარდაცვლილი, 7 დაჭრილი
ენერგეტიკის მუშაკთა პროფკავშირი – 315 დევნილი, 25 დაჭრილი
გაზის და ნავთობის მრეწველობის პროფკავშირი–107 დევნილი, 5 დაჭრილი
კავშირგაბმულობის მუშაკთა პროკავშირი – 75 დევნილი, 3 დაჭრილი
ცხინვალის რეგიონალური პროფკავშირი – 245 დევნილი, 75 დაჭრილი, ოფისი დამწვარი. ორგანიზაცია ფაქტობრივად აღარ არსებობს.

სამხედრო სფეროში დასაქმებულთა პროფკავშირი, რომელმაც ჩვენთან ერთად სამი თვის წინ სასამარლო პროცესი მოუგო სახელმწიფოს (რამდენიმე წლის წინ თავდაცვის მინისტრის მიერ ამ ორგანიზაციის უკანონოდ გააუქმებასთან დაკავშირებით) და აქტიურ მუშაობას შეუდგა, კვლავ უმძიმეს სიტუაციაში ჩავარდა. ჯერ არ გვაქვს საბოლოო მონაცემები, მაგრამ ცნობილია, რომ დაიღუპა და დაიჭრა მრავალი სამხედრო მოსამსახურე.
ექსპერტთა პროგნოზებით, რუსეთის აგრესიის შედეგად წარმოქმნილი დევნილთა ახალი ნაკადი, ქვეყანაში უმუშევრობის დონეს სულ მცირე 3-4%-ით გაზრდას გამოიწვევს. დევნილთა დიდი ნაწილი არაფორმალურ სექტორში დასქმებულთა რიგებს შეემატება. იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოში ემიგრაციული განწყობა ბოლო წლებში ისედაც მაღალი იყო, სავარაუდოა, რომ დევნილთა საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაწილი აუცილებლად არალეგალური ემიგრაციის ტალღას შეუერთდება. ანუ რუსეთის თავდასხმას საქართველოზე მძიმე სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები მოჰყვება.
საქართველოს პროფკავშირების კონფედერაცია სექტემბრის თვიდან გორში, ხოლო ნოემბრიდან ქალაქ ფოთში - რეგიონული ოფისების გახსნას გეგმავდა. ჩატარდა შესაბამისი შეხვედრები კონფედერაციის წევრი დარგობრივი პროფკავშირების პირველად ორგანიზაციებთან. ებერტის ფონდის დახმარებით უკვე შეძენილი გვაქვს კომპიუტერული ტექნიკა ოფისის აღჭურვისათვის. თუმცა რუსულმა აგრესიამ სერიოზულად შეაფერხა ეს პროცესი, რადგანაც რამდენიმე პირველადი პროფკავშირული ორგანიზაციის ოფისი სერიოზულად დაზარალდა და მათ დახმარება სჭირდება. ამასთან, ბევრ პროფკავშირის წევრს დაენგრა ან მნიშვნელოვნად დაუზიანდა საცხოვრებელი სახლები, მათი ნაწილი კვლავ დევნილობაში იმყოფება და ამ ქალაქებში დაბრუნებას ვერ ახერხებენ. რუსეთის ჯარებმა გორიდან მხოლოდ 8-10 კილომეტრით დაიხია უკან, რითაც ქალაქში არასტაბილურობის და შიშის განცდის დამკვიდრებას უწყობს ხელს. ხოლო ფოთიდან არათუ გავიდნენ ოკუპანტები, არამედ პირიქით, უფრო გააძლიერეს მათი ბლოკპოსტები, საბუთებს უმოწმებენ მოქალაქეებს, ხელს უშლიან მათ თავისუფალ გადაადგილებაში.

მიუხედავად ყველაფრისა, ჩვენ შრომა არ გვაშინებს და მაინც ბევრს ვეცდებით თქვენი დახმარებით გავაგრძელოთ ორგანიზაციის სტრუქტურების ხელახლა შენება და გამყარება, რამეთუ ძლიერი პროფკავშოირები დემოკრატიული ქვეყნის წინაპირობაა და მიუხედავად კრემლის მცდელობისა ამ კურს და მიზანს ჩემი ქვეყანა არ გადაუხვევს, ჩვენ პოზიციებს არ ვიცვლით, ვრჩებით ჩვენი კონსტიტუციის და საყოველთაოდ აღიარებული საერთაშორისო პრინციპების ერთგული, დემოკრატიული და სამართლიანი ქვეყნის შენების ავანგარდში.
ღრმად გვჯერა, რომ 1921 წლისგან განსხვავებით, როდესაც საბჭოთა რუსეთმა მოახდინა საქართველოსა და სხვა მრავალი ქვეყნის ანექსია, განსხვავებით 90-იანი წლებისაგან, როდესაც რუსეთის აგრესიას ჩემი ქვეყნის წინააღმდეგ მსოფლიო თითქმის დუმილით შეხვდა, განსხვავებით წელიწადნახევრის წინანდელი პროცესებისა, როდესაც რუსეთიდან ლეგალურად მომუშავე და მცხოვრებ ქართველებს აძევებდნენ, სკოლაში მილიციის თანამშრომლები მიდიოდნენ და ქართული გვარების მქონე ბავშვები მიყავდათ განყოფილებებში, რათა მათ მშობლებს იქ მიეკითხათ, რასაც მოყვებოდა მათი დაპატიმრება ქვეყნიდან გაძევების მიზნით – ვიმედოვნებ, რომ მსოფლიოს ცივილიზებული სამყარო დუმილით და ენისმოჩლექვით აღარ დაელაპარაკება რუსეთს.
ყველა ნიშანია იმისა, რომ საქმე გვაქვს XXI საუკუნის ფაშიზმთან და ვფიქრობ, რომ მთლიანად ევროპული და მსოფლიო თანამეგობრობის უსაფრთხოებას ეთხრება ძირი. არავინ იცის, ფაშისტების ხელში რომ ატომი და თანამედროვე სამხედრო ტექნიკა ყოფილიყო, ვიქნებოდით ჩვენ დღეს კი აქ? ამიტომ საჩქაროდ არის გამოსაძებნი მექანიზმები საფრთხის შესაჩერებლად. კრემლი ფაშისტებთან შედარებით კიდევ უფრო წინ წავიდა და ბრძოლა გამოუცხადა საქართველოს უნიკალურ ბუნებას, ტყეებს. გამოვლინდა მიზანმიმართული ეკოციდის მცდელობა, რაც გამოიხატა ბორჯომ-ხარაგაულის უნიკალური ტყე-პარკისათვის რუსეთის საბრძოლო ვერტმფრენების მიერ სპეციალური ცეცხლგამჩენი ბომბებით ცეცხლის განზრახ წაკიდებაში. ხანძარმა გაანადგურა 100 ჰექტრამდე ტყე.  
კოლეგებო, გთხოვთ, მოუწოდოთ თქვენს მთავრობებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს დაეხმარონ და დაიცვან საქართველო და ამით დაიცვან საკუთარი ქვეყნები და მოქალაქეები. ხშირად საუბრობენ რაღაცა უაზრო დიალოგის რეჟიმზე. დიალოგი ისე როგოც ტერორისტებთან არ იმართება, არც ფაშისტებთან დიალოგს შეუძლია რამე შედეგის მოცემა. არც ომი და არც დიალოგი. ზეწოლა, ზეწოლა, ზეწოლა! უნდა დასრულდეს რუსეთზე, როგორც კარგად მეწველ ძროხაზე ყურება ყველ დონეზე, იმიტომ რომ, ის რძე რომელსაც იძლევა ნავთრობის, გაზის სხვა ენერგო მატარებლების სახით, სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში მსუყე საწევრო გადასახადების გადახდის სახით, და ამიტომ ხშირად ბევრ ნეგატივზე ხუჭავენ თვალს - სიცოცხლისათვის საშიშია.
ასევე ვფიქრობ, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს პროფკავშირებს ძალზედ უჭირს და მის წევრებს ესაჭიროებათ სიცოცხლისათვის აუცილებელი დახმარება, მსოფლიოს პროფკავშირულმა სამყარომ მთელი ძალისხმევა უნდა მიმართოს რუსეთში პროფკავშირების სამი ნაციონალური პროფცენტრის გასაძლიერებლად და გასააქტიურებლად. ხშირად მითქვამს, რომ საბჭოთა პროფკავშირი იყო მხოლოდ ამ დასახელების მქონე  ორგანიზაცია, რომელიც შორს იდგა რეალური პროფკავშირული იდეისაგან, რადგან არ იყო პრესის  და სიტყვის თავისუფლება, თავისუფალი არჩევანის შესაძლებლობა. დღეს იგივე პრობლემა აქვს ჩვენს რუს კოლეგებს. მე წარმომიდგენია და ვიცი რაზეა წამსვლელი გროზნოს, ბესლანის, ნორდ-ოსტის, კურსკის ტრაგედიების შემოქმედი კრემლის რეჟიმი საკუთარ მოქალაქეებთან მიმართებაში. ასე რომ მათ დახმარება სჭირდებათ, რათა რუსეთში არ ჩაქრეს დემოკრატიის ნაპერწკალი, პროფკავშირული ორგანიზაციების სახით.

საქართველო აღმოჩნდა ლაკმუსის ქაღალდი კრემლის ზრახვების გამოსააშკარავებლად, ამიტომ საქართველოს დაცვა, ქართველი მშრომელების დაცვა, ვფიქრობ, არის დაცვა სხვა ქვეყნებისაც, რომლებსაც, გარწმუნებთ, იგივე სახის საფრთხე ელოდებათ, თუ ეს თავხედობა არ შეჩერდა.

 

 
ბეჭდვა ელფოსტა

გამოხმაურება გარემოვაჭრეთა საპროტესტო აქციაზე


პროფესიული კავშირების გაერთიანება წერეთლის გამზირიდან და დელისის მეტროს მიმდებარე ტერიტორიიდან გარემოვაჭრეთა იძულებით აყრას ეწინააღმდეგება და ხელისუფელებას პრობელემის ცივილიზებულად, დიალოგის გზით მოგვარებისკენ მოუწოდებს.  “ხელისუფლება გარემოვაჭრეებს უნდა დაელაპარაკოს და მათი დახლები ძალისა და ხელკეტების გამოყენებით არ უნდა აყაროს. პროფესიული კავშირების გაერთიანების კარი გარემოვაჭრეთათვის ღიაა, მომართვის შემთხვევაში ჩვენ მზად ვართ მათ კანონის ფარგლებში დახმარება აღმოუჩინოთ. მოვაჭრეებს მოვუწოდებთ საკუთარი უფლებების დასაცავად პროფესიული კავშირი ჩამოყალიბონ”- აცხადებს თვითდასაქმებულთა პროფკავშირის თავმჟდომარე ზაზა აგლაძე.


     პატივისცემით პროფესიული კავშირების გაერთიანება



საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში თანამშრომლებს პროფესიული 
კავშირების წევრობის გამო დევნიან


დღეისათვის შპს “საქართველოს სახელმწიფო ელექტრო სისტემაში” გამეფებულია განუკითხაობა, მიმდინარეობს დასაქმებულთა შრომითი, სოციალური და სამართლებრივი დაცვის იგნორირება. სამსახურიდან მასიურად დაითხოვეს პროფესიონალი ენერგეტიკოსები, შემდეგ კი, განუსაზღვრელი რაოდენობით და მაღალი ხელფასებით მიიღეს ისეთი ადამიანები, რომელთაც არანაირი შეხება არ ჰქონიათ ენერგეტიკასთან. Yყველას, ვინც კი ხმა ამოვიღეთ არსებული განუკითხაობის წინააღმდეგ, დევნა დაგვიწყეს.
იმის გამო, რომ მე, როგორც პროფორგანიზაციის რწმუნებულმა, ადმინისტრაციის წინაშე წერილობითი ფორმით დავაყენე პროფკავშირის საარჩევნო _საანგარიშო კრების მიერ მიღებული საკითხები, სამსახურიდან დამითხოვეს.
ჩვენ, პროფწევრები ვითხოვდით:
1. ხელფასების მომატებას
2. ხელფასებს შორის 20_მაგი განსხვავების შემცირებას
3. სახელფასო დავალიანების გასტუმრებას
4. მორიგე_ოპერატიული პერსონალისთვის თანამდებობრივი მოვალეობის შესრულებისათვის საჭირო პირობების შექმნას
5. გაუქმებული ჟანმრთელობის პროგრამის გაგრძელაბას
6. მოკლევადიანი ხელშეკრულებების გაუქმებას და თანამშრომლების  გრძელვადიან ხელშეკრულებებზე გადაყვანას
7. თანამშრომელთA სამორიგეო და სამუშაო ოთახების სანიტარული მდგომარეობის გაუმჟობესებას.

Pპროფკავშირის აქტივში მყოფი ყველა პიროვნება აგვითვალწუნეს, გვდევნიან მხოლოდ იმის გამო, რომ ვართ პროფკავშირის წევრები და ვცდილობთ შევასრულოთ ჩვენი მოვალეობები კანონმდებლობის ფარგლებში.
ჩვენ ვიბრძოლებთ არსებული უსამართლობის წინააღმდეგ. დღეისათვის ცოტანი ვართ, მაგრამ იმედი გვაქვს, რომ  მხარს დაგვიჭერენ როგორც დასაქმებულები, ასევე ამჯამად დაუსაქმებელნიც. ამოიღეთ ხმა თქვენს გარშემო არსებულ დარღვევებზე და ერთობლივად ვებრძოლოთ უსამართლობას.


დალი ადუაშვილი
საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის პროფესიული კავშირების კომიტეტის წევრი


 24 ივნისს 12 საათზე საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების ცენტრალურ ოფისში (მის: ვაჯა-ფშაველას 1\43) შპს “საქართველოს სახელმწიფო ელექტრო სისტემის” ყოფილი თანამშრომლები პრესკონფერენციას გამართავენ.

თემა:
შპს “საქართველოს სახელმწიფო ელექტრო სისტემის” თანამშრომლებს  პროფკავშირების წევრობის გამო დევნიან და ავიწროვებენ.

გთხოვთ მობრძანდეთ

პატივისცემით პროფესიული კავშირების გაერთიანების პრეს-სამსახური

 
ბეჭდვა ელფოსტა

 პუბლიკაციები

 


სტუმრები:

ჩვენ გვყავს 192 სტუმარი ხაზზე