|
|
|
ბატონ მიხეილ სააკაშვილს
ბატონო პრეზიდენტო,
საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება უერთდება სომალელი მეკობრეების ტყვეობიდან ქართველი მეზღვაურების დახსნით გამოწვეულ საერთო სახალხო სიხარულს და ულოცავს მეზღვაურთა ოჯახებს, მთელ საზოგადოებას სამშობლოში მათ დაბრუნებას. მადლობას გიხდით კარგად დაგეგმილი საქმიანობისათვის რითაც შესაძლებელი გახდა მეზღვაურთა უვნებლად გათავისუფლება. უნდა აღინიშნოს, რომ მრავალი ქვეყნის მოქალაქეები კვლავაც იტანჯებიან სომალელ მეკობრეთა ტყვეობაში და მხოლოდ ერთეულ შემთხვევებში ახერხებენ ამ ქვეყნების ხელისუფალნი მათ გამოხსნას. Gგვესმის, რომ ნებისმიერი ქვეყნის მთავრობისთვის ტერორისტებთან და გამტაცებლებთან ურთიერთობა საკმაოდ დელიკატურ და პრინციპულ საკითხებთანაა დაკავშირებული, რაც დიდ სიფრთხილეს და კარგად გააზრებულ მუშაობას მოითხოვს. საქართველოს პროფკავშირებმა მეზღვაურთა დატყვევების შესახებ ინფორმაციის გავრცელებისთანავე აქტიური კამპანია დაიწყეს საზოგადოებაში სოლიდარობისა და თანაგრძნობის სულისკვეთების შესაქმნელად, რაც გამოიხატა პრესითა და ტელევიზიით დახმარების შესახებ მოწოდებების გავრცელებით, საქველმოქმედო აქციების გამართვით, გემის მეპატრონე-დამსაქმებელ კომპანიაზე ზეწოლით, მეზღვაურთა ოჯახის წევრების ადვოკატებთან შესახვედრად გამგზავრების დაფინანსებით, მათ ახლობლებთან მუდმივი კონტაქტითა და გამხნევებით. ჩვენ კვლავაც ვაგრძელებთ მეზღვაურთა დახმარებას მათი სახელფასო დავალიანების საკითხებთან დაკავშირებით. ვგეგმავთ ტრანსპორტის პროფკავშირების საერთაშორისო ფედერაციის (ITF) მონაწილეობით გემთმფლობელის წინააღმდეგ ვაწარმოოთ სასამართლო და სხვა სახის იურიდიული საქმეები, რათა მეზღვაურებს აუნაზღაურდეთ მათი კუთვნილი 10-11 თვის მიუღებელი ხელფასები. მიგვაჩნია, რომ ქვეყნისათვის კრიზისულ მომენტებში საზოგადოებისა და მთავრობის კონსოლიდირებული მოქმედებები ყოველთვის დადებითი შედეგებით სრულდება, რაც ქართველ მეზღვაურებთან დაკავშირებულმა ამ შემთხვევამაც დაადასტურა. საქართველოს პროფკავშირების საქმიანობა ყოველთვის ქვეყნის წინსვლასა და წარმატებაზეა ორიენტირებული. ჩვენს მიერ უშუალოდ თქვენთვის წარმოდგენილი უამრავი ინიციატივებისა და პარლამენტში შეტანილი კანონპროექტების მიმართ, რომლებიც სამწუხაროდ განუხილველად და უყურადღებოდაა მიტოვებული, მეტი გულისყურით მოპყრობის შემთხვევაში, ქვეყანაში გაცილებით უკეთესი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა იქნებოდა, ადამიანები უფრო მეტ ყურადღებასა და პატივისცემას იგრძნობდნენ ხელისუფლების მხრიდან.
პატივისცემით,
ირაკლი პეტრიაშვილი
საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარე
|












