|
საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების პოზიცია
საქართველოს შრომის ბაზარზე
გლობალური ფინანსური კრიზისის მზარდი უარყოფითი გავლენის პირობებში დასაქმებულთა და უმუშევართა უფლებების უზრუნველყოფისათვის აუცილებელი სასწრაფო ღონისძიებების შესახებ
გლობალური ეკონომიკური კრიზისი რეალობაა და სამწუხაროდ, საერთაშორისო საფინანსო სისტემაში საქართველოს ეკონომიკის არცთუ მჭიდროდ ინტეგრირების ფონზეც კი, მისი გავლენა ჩვენი ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე სულ უფრო მძიმედ აისახება. მიუხედავად უპრეცედენტო საერთაშორისო ფინანსური დახმარებისა, რომელიც ჩვენს ქვეყანას გაეწევა მომდევნო სამი წლის განმავლობაში, ეკონომიკური განვითარება უკვე მნიშვნელოვნადაა შეფერხებული და გამოყოფილი 4,5 მილიარდი აშშ დოლარი საკმარისი ვერ იქნება 2008 წლის ივლისამდე არსებული ეკონომიკური კონდიციების აღსადგენად.
გასული წლის ოქტომბრის თვეში ბრიუსელში გამართულმა დონორთა კონფერენციამ, სადაც მიღებულ იქნა გადაწყვეტილება აღნიშნული ფინანსური დახმარების პაკეტის შესახებ, შეაფასა და გაითვალისწინა მხოლოდ ის ზარალი, რომელიც რუსეთის აგრესიის შედეგად საქართველოს ეკონომიკას მიადგა. 2008 წლის სექტემბერ-ოქტომბერში მსოფლიო ბანკის, გაეროსა და ევროკომისიის ერთობლივი ექსპერტთა ჯგუფის მიერ “საჭიროებათა შეფასება” (Joint Needs Assessment) განხორციელდა გლობალური კრიზისის განვითარებამდე, შესაბამისად, მას არ უმსჯელია საქართველოს ეკონომიკაზე გლობალური კრიზისის შესაძლო გავლენის შესახებ. აღსანიშნავია, რომ მსოფლიო ბანკის წარმომადგენელთა განცხადებით, აგვისტოს კონფლიქტის შედეგად გაუარესებული საინვესტიციო გარემოს, დაზიანებული ინფრასტრუქტურის, საბანკო სექტორში შექმნილი პრობლემების და სხვა მიზეზთა გამო, საქართველოს მთავრობა უკვე სექტემბერის თვეში გამოთქვამდა შიშს 100 000 სამუშაო ადგილის დაკარგვის შესახებ. ვარაუდი, რომ გლობალური ფინანსური კრიზისი კიდევ უფრო დაამძიმებს ზემოთაღნიშნულ უმუშევრობის სურათს, სამწუხაროდ, სავსებით ლოგიკურია.
უმუშევრობის პრობლემასთან ბრძოლას გაცილებით ართულებს ქვეყანაში შრომის ბაზრის სფეროში ექსპერტული კვლევების ნაკლებობა, სანდო და ხარისხიანი სტატისტიკური მონაცემთა ბაზის არარსებობა. ფინანსურ-ეკონომიკური კრიზისის პირობებში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მსგავსი სახის ინფორმაციის სისტემატურად გამოქვეყნებას, რაც ხელისუფლებასა და საზოგადოებას საშუალებას აძლევს მოვლენათა განვითარების პულსს გრძნობდეს და საჭიროების შემთხვევაში დროულად ჩაერიოს სიტუაციის კორექტირების მიზნით.
2008 წლის ნოემბერში ვაშინგტონში, მსოფლიოს 20 წამყვანი ეკონომიკის მქონე ქვეყნების ლიდერთა შეხვედრაზე, მიღწეულ იქნა შეთანხმება გლობალური ფინანსური სისტემის ახალი არქიტექტურით ჩამოყალიბების აუცილებლობის შესახებ. აღნიშნული მოლაპარაკებების დროს, რომელშიც მონაწილეობდნენ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების ხელმძღვანელებიც, გადაწყდა, რომ გლობალური საფინანსო სისტემის მარეგულირებელი ჩარჩოს შექმნის საკითხში წაყვანი როლი საერთაშორისო სავალუტო ფონდს დაეკისრებოდა. ამ უკანასკნელის მმართველი დირექტორის ბ-ნ დომინიკ სტროს-კანის, ისევე როგორც მსოფლიო ბანკის პრეზიდენტის ბ-ნ რობერტ ზელიკის მოსაზრებით, გლობალური კრიზისის პირობებში შრომითი უფლებების შეზღუდვა უფრო მეტი ლიბერალიზაციის ან დერეგულაციის სასარგებლოდ, გაუმართლებელი ნაბიჯი იქნებოდა. ასევე მათი საერთო პოზიციაა, რომ საფინანსო ბაზრები და კაპიტალის გლობალური მიმოქცევა გარკვეულ რეგულირებასა და მონიტორინგს უნდა დაექვემდებაროს, რათა გამოირიცხოს ახალი სპეკულაციური სქემები და კაზინოს ეკონომიკის ისეთი მოდელები, რომელთა მიზეზითაც განვითარდა გლობალური საფინანსო კრიზისი.
ნებისმიერი კრიზისის დროს ყველაზე მეტად დასაქმებული ადამიანები და მათი ოჯახები ზარალდებიან. ასე მოხდა გლობალური სასურსათო და საწვავის კრიზისის დროს, ასე ხდება ახლაც. შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ანალიზით, რომელიც გაკეთდა გლობალური ფინანსური კრიზისის დასაწყისში, 20 მილიონი ადამიანი შეუერთდებოდა მსოფლიოში უმუშევართა რიგებს, ხოლო დამატებით 40 მილიონი ადამიანის შემოსავალი შემცირდებოდა 1 აშშ დოლარამდე დღეში, ანუ იცხოვრებდა სიღატაკის ზღვარს ქვემოთ. თუმცა, შემდგომში განვითარებულმა მოვლენებმა აჩვენა, რომ აღნიშნული შეფასება შესაძლოა ძალზედ რბილიც კი აღმოჩნდეს, ანუ სიტუაცია გაცილებით უფრო გაუარესდეს.
მივესალმებით საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებას სახელმწიფო ბიუჯეტისა და საერთაშორისო დახმარების მნიშვნელოვანი ნაწილის ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისაკენ მიმართვის შესახებ, თუმცა მიგვაჩნია, რომ მთავრობამ ბოლომდე უნდა გაითვალისწინოს “ვაშინგტონის დეკლარაციის” სულისკვეთება და ინვესტიციები უნდა განხორციელდეს განათლებასა და ჯანდაცვაშიც, რაც სხვა ფინანსური ინსტრუმენტების გამოყენებასთან კომბინაციაში მოთხოვნის ზრდის სტიმულირებას მოახდენს. ამ ნაბიჯების პარალელურად უნდა გატარდეს ღონისძიებები საგადასახადო და ხარჯვით პოლიტიკაში, რათა გაიზარდოს მცირე და საშუალო შემოსავლების მქონე ადამიანების მსყიდველუნარიანობა. ხელისუფლებამ უნდა იზრუნოს, რათა ეკონომიკის გაჯანსაღებისაკენ მიმართული თანხებით იქმნებოდეს სამუშაო ადგილები ღირსეული და სამართლიანი შრომის პირობებით, არ უნდა მიეცეს უკონტროლო ხარჯვის საშუალება სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული პროექტების ბენეფიციარ არცერთ კერძო მეწარმეს. საზოგადოებისათვის გამჭვირვალე და საჯარო უნდა იყოს იმ საბიუჯეტო და საგრანტო თანხების ხარჯვა, რომელიც გაიცა ან გაიცემა ქვეყანაში ეკონომიკური აქტივობის სტიმულირებისათვის, ასევე კრიზისში მყოფი კერძო კომპანიების ლიკვიდურობის შესანარჩუნებლად. ამ გზით დაფინანსებული ინფრასტრუქტურული თუ სხვა სახის პროექტებთან დაკავშირებით სახელმწიფო შესყიდვების წარმოებისას და უშუალოდ განხორციელების ეტაპზეც, გარკვეულ სახელმწიფო და საზოგადოებრივ კონტროლს უნდა დაექვემდებაროს დახმარების მიმღები კერძო კომპანიების სახელფასო პოლიტიკა, რათა გამოირიცხოს მენეჯმენტს, მუშახელსა და სხვა ტექნიკურ პერსონალს შორის ხელფასების არარაციონალური, დაუსაბუთებელი დიფერენციაცია, მიღწეულ იქნას დასაქმების მაქსიმალურად მაღალი დონე, უზრუნველყოფილ იქნას თანხების ეფექტური ხარჯვა.
არაორდინალურ კრიზისულ სიტუაციას ეკონომიკაში, ყოველთვის მოსდევს სოციალური დაძაბულობის ესკალაცია. ისტორიული გამოცდილება გვკარნახობს, რომ მსგავსი კრიზისებიდან გამოსავალს განვითარებული საზოგადოებები სოციალური დიალოგისა და საზოგადოებაში სოლიდარობის განმტკიცების გზით აღწევდნენ. არსებული კრიზისი, რომელიც ემუქრება არამხოლოდ საქართველოს, არამედ მთელს კაცობრიობას, არის ყველაზე საშიში იმ კრიზისებს შორის, რომელიც ოდესმე უნახავს და განუცდია მსოფლიოს.
ამ ფონზე საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება და მისი წევრი პროფესიული კავშირები, მოვითხოვთ სახელმწიფომ მეტი ყურადღება დაუთმოს სამსახურიდან დათხოვნილი ჩვენი დების და ძმების, ასევე მათი ოჯახების პრობლემებს. ხელისუფლებას კრიზისიდან გამოსვლის როგორც გრძელვადიანი, ისე მოკლევადიანი გეგმა უნდა ჰქონდეს შემუშავებული. შეუძლებელია ხელისუფლებამ მოკლევადიან პერიოდში დაასაქმოს მასობრივი დათხოვნების შედეგად უმუშევრად დარჩენილი ადამიანების უმეტესობა. ასეთ ჩვენს თანამოქალაქეებს უსწრაფესად სჭირდებათ დახმარება. მათ იშრომეს წლების განმავლობაში როგორც საკუთარი ოჯახებისთვის, ისე საზოგადოების საკეთილდღეოდ, მათ დაიმსახურეს პატივისცემა და ღირსეული მოპყრობა. სოლიდარობის მცნება ყოველთვის ახლოს იყო ქართველი ადამიანის გულთან და გონებასთან. ეს სიტყვა განსაკუთრებულ დატვირთვას იძენს ახლა, როცა ჩვენი ქვეყანა ორმაგი წნეხის ქვეშაა: ერთის მხრივ რუსეთის მცოცავი, ვერაგული აგრესია და ოკუპაცია, მეორეს მხრივ ეკონომიკური გაჭირვება. ამ მძიმე სიტუაციაში, საქართველოდან ემიგრაციის ახალი ტალღა – ყველაზე არასასურველი, მაგრამ რეალურად შესაძლო შედეგი და საშიშროებაა, რაც ქვეყანამ და მისმა ხელისუფლებამ არ უნდა დაუშვას. დემოგრაფიული სიტუაცია ისედაც კატასტროფულია: გაეროს 2008 წლის პირველი ნახევრის მონაცემებით ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა წელიწადში 35-40 ათასით მცირდებოდა. მდგომარეობის გაუმჯობესების ვარაუდის საფუძველი თითქმის არ არსებობს.
უმუშევრობის შემდგომი ზრდისა და სიღარიბის გაღრმავების თავიდან ასაცილებლად რეალურ საშუალებად, ხელისუფლებას, დამსაქმებლებსა და დასაქმებულთა შორის ერთიანი შეთანხმების მიღწევა მიგვაჩნია. მიუხედავად შრომით და საწარმოო ურთიერთობებში საქართველოს კანონმდებლობის არასრულყოფილებისა, რომელიც ხელისუფლების სუბიექტური დამოკიდებულებით ბიზნესის მიმართ, რბილად რომ ვთქვათ, ძლიერ დაუბალანსებელია დამსაქმებლების სასარგებლოდ, პროფესიულ კავშირებს შესწევს უნარი ღირსეული პარტნიორის როლი შეასრულოს აღნიშნული შეთანხმების შემუშავების, განხორციელებისა და შესრულებაზე მონიტორინგის კუთხით. ამ სიტუაციაში დაუშვებელია მხოლოდ საბაზრო კანონებისა და ლიბერალური მიდგომების შესაბამისად მოქმედება. დღეს სოლიდარობისა და სოციალური სამართლიანობის პრინციპებით ხელმძღვანელობა, ხელისუფლების, და ზოგადად სამოქალაქო საზოგადოების სიმწიფის, განვითარების ნიშანი იქნებოდა. ამისათვის:
- ამ ეტაპზე აუცილებელია დაწესდეს უმუშევრობის შემწეობა, იმ ოდენობით, რომელიც უმუშევრად დარჩენილ ადამიანებს პირველადი, უმთავრესი მოთხოვნილების დაკმაყოფილების საშუალებასაც მისცემს და იმავდროულად საზოგადოების, სახელმწიფოს მხრიდან სოლიდარობის განწყობას აგრძნობინებს. ამასთან, აღნიშნული ნაბიჯი გაზრდიდა ქვეყნის შიგნით მცირე მეწარმეთა მიერ წარმოებულ პროდუქციასა და მომსახურებაზე მოთხოვნას, ხელს შეუწყობდა სამომხმარებლო აქტივობის გაზრდას და საცალო ვაჭრობასა და მასთან დაკავშირებულ მომარაგების ქსელში დასაქმებულთა სამუშაო ადგილების შენარჩუნებას (აღსანიშნავია, რომ ისეთი ლიბერალური ეკონომიკის მქონე ქვეყანაში, როგორიც ამერიკის შეერთებული შტატებია, ჯერ კიდევ ბუშის ადმინისტრაციის პირობებში, უმუშევრობის შემწეობის გაცემის ხანგრძლიობა 3 თვით გაიზარდა, ხოლო ევროპის ქვეყნებში აღნიშნული სოციალური დაცვის სისტემა გაცილებით მეტ გარანტიებს სთავაზობს უმუშევრად დარჩენილ მოქალაქეებს).
- უნდა გაიზარდოს დამსაქმებლების სოციალური პასუხისმგებლობა მათი ინიციატივით დასაქმებულთა გათავისუფლების დროს გასასვლელი დახმარების, ანუ კომპენსაციის ოდენობის გაზრდის გზით. მითუმეტეს, რომ კერძო სექტორში დასაქმებულები ამ კუთხით დისკრიმინაციულ მდგომარეობაში იმყოფებიან საჯარო სექტორში დასაქმებულებთან შედარებით (კანონი “საჯარო სამსახურის შესახებ” საჯარო მოხელეებს დათხოვნის შემთხვევაში 2 თვის გასასვლელი დახმარებით უზრუნველყოფს, ხოლო კერძო სექტორში მომუშავეებს მხოლოდ 1 თვის ხელფასი ეძლევათ)
- ორსულობისა და მშობიარობის გამო დეკრეტული შვებულების ანაზღაურების საკითხი უფრო სამართლიანად უნდა გადაწყდეს. დახმარების 600 ლარიანი ჭერი დაწესდა 2006 წელს, მაშინ როცა დასაქმებულთა ხელფასიდან სახელმწიფო ბიუჟეტის სასარგებლოდ დაკავებული საშემოსავლო გადასახადი 12% იყო. აშკარაა, რომ იგივე საშემოსავლო გადასახადის 20-25%მდე გაზრდის შემთხვევაში აღნიშნული განაკვეთი იგივე არ უნდა დარჩეს. უსამართლობის შეგრძნებას აძლიერებს ის ფაქტიც, რომ ბოლო წლების განმავლობაში სამომხმარებლო და მომსახურების (განსაკუთრებით კომუნალურ, სამედიცინო, მშობიარობის, ბავშვის მოვლის) ფასები მნიშვნელოვანად გაიზარდა, შესაბამისად გაიზარდა საარსებო მინიმუმის ოდენობა, რომ არაფერი ვთქვათ სამომხმარებლო კალათაზე და დეკრეტული შვებულების ანაზღაურების საერთაშორისო სტანდარტზე. აღნიშნული საკითხის განხილვისას ხელისუფლებამ და საზოგადოებამ ქვეყნის დემოგრაფიული პრობლემის ადეკვატური გადაწყვეტილება უნდა მიიღოს.
- უნდა გაიზარდოს კოლექტიური მოლაპარაკებების, როგორც სოციალური დიალოგის გზით საწარმოო კონფლიქტების გადაჭრის მექანიზმის როლი. ხელისუფლებას ეკისრება პასუხისმგებლობა აღნიშნული მექანიზმის ეფექტურ იმპლემენტაციასთან დაკავშირებით. შექმნილ კრიზისულ ეკონომიკურ და პოლიტიკურ ვითარებაში, სოციალური მშვიდობის უზრუნველყოფა მხოლოდ სამართლიანი სოციალური დიალოგითაა შესაძლებელი.
- სამედიცინო დაზღვევის გაძვირების შედეგად, ამ სასიცოცხლო მომსახურების ხელმისაწვდომობის სულ უფრო და უფრო გართულების პირობებში, აუცილებელია გაიზარდოს ბიზნესისა და სახელმწიფოს პასუხისმგებლობა. დამსაქმებლებისათვის სავალდებულო უნდა გახდეს მათ მიერ დასაქმებულთა სამედიცინო დაზღვევით უზრუნველყოფა. სახელმწიფოს მიერ სიღატაკის ზღვარს მიღმა მყოფთა ჯანმრთელობის დაზღვევა, არასაკმარისი ღონისძიებაა, ვინაიდან სხვა დაბალი, ან თუნდაც საშუალო შემოსავლების მქონე ოჯახებისათვის ერთიორად გაძვირებული სამედიცინო მომსახურება, მათაც ღარიბთა კატეგორიაში აქცევს. საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება მზადაა, შესაბამისი ხელშემწყობი საკანონმდებლო ცვლილებების პირობებში, აიღოს პასუხისმგებლობა ამ კატეგორიის, მათ შორის, არაფორმალურ სექტორში დასაქმებულთა ჯანმრთელობის დაზღვევის ორგანიზებასთან დაკავშირებით. იმის გათვალისწინებით, რომ სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის სამედიცინო დაზღვევის სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეთა მნიშვნელოვანი ნაწილი, ჩართულია არაფორმალურ ეკონომიკურ საქმიანობაში, ზემოთაღნიშნული იდეის განხორციელება, სახელმწიფო ბიუჯეტის თანხების დაზოგვასთან ერთად, მნიშვნელოვნად შეამსუბუქებდა ამ სფეროში მიმდინარე მტკივნეულ პროცესებს.
სურვილისა და კეთილი ნების არსებობის შემთხვევაში, ხელისუფლებას, როგორც აღმასრულებელს, ისე საკანონმდებლოს, შეთავაზებული ღონისძიებების დასაფინანსებლად მარტივად შეუძლია რეზერვების გამონახვა არსებულ 2009 წლის ბიუჯეტში. ამისათვის, საჭიროა გადაიხედოს პარლამენტისა და მთავრობის ზოგიერთი უწყების ბიუჯეტები, განსაკუთრებით, გაზრდილი სახელფასო, საოფისე, მივლინებების, ტრანსპორტისა და კაპიტალური ხარჯების ნაწილში (კონკრეტული წყაროები მითითებულია იმ კანონპროექტებსა და თანდართულ განმარტებით ბარათებში, რომელიც საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებამ საქართველოს პარლამენტს წარუდგინა საკანონმდებლო ინიციატივის სახით, და რომლის მხარდასაჭერადაც მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს ათიათასობით საქართველოს მოქალაქის ხელმოწერების შეგროვება).
გლობალური საფინანსო კრიზისი, რომელიც კარგა ხანია ეკონომიკურ კრიზისში გადაიზარდა, ხელისუფლებისა და საზოგადოებისაგან ადეკვატურ რეაგირებას მოითხოვს. დღეს “ქამრების მოჭერის” დროა, რაც განვითრებული, ჰუმანური იდეების მიმდევარი საზოგადოების ენაზე თანადგომის, სამართლიანობისა და სოლიდარობის მცნებების ყოველდღიურ ცხოვრებაში უმთავრეს სამოქმედო პრინციპებად გამოყენებას ნიშნავს.
პატივისცემით,
ირაკლი პეტრიაშვილი
თავმჯდომარე
|