|
|
|
C143 კონვენცია მიგრანტი მშრომელების შესახებ (დამხმარე დებულება), 1975 კონვენცია :C143 დოკუმენტი გამოქვეყნებულია ინგლისურ და ესპანურ ენებზე. შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის გენერალური კონფერენცია
იმის გათვალისწინებით, რომ შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის წესდების პრეამბულა აკისრებს მას “მშრომელთა ინტერესების დაცვას როცა მათი დაქირავება ხდება სამშობლოს გარეთ სხვა ქვეყანაში”, და იმის გათვალისწინებით, რომ ფილადელფიის დეკლარაცია, ორგანიზაციის ფუნდამენტურ პრინციპებს შორის, კვლავაც ადასტურებს, რომ “შრომა არ არის სამომხმარებლო საქონელი”, და რომ “ნებისმიერ ადგილზე არსებული სიღარიბე საფრთხეს უქმნის კეთილდღეობას ყველგან”; და ამავე დროს აღიარებს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ოფიციალურ ვალდებულებას მომავალი პროგრამების განხორციელების თვალსაზრისით, რომელთა კონკრეტულ მიზანს სრული დასაქმების მიღწევა წარმოადგენს “სამუშაო ძალის გადაადგილების გზით, მათ შორის დასაქმების მიზნით...”, ითვალისწინებს რა შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის “დასაქმების მსოფლიო პროგრამას” და “დასაქმების პოლიტიკის შესახებ კონვენციას” და რეკომენდაციას – 1964, და ხაზს უსვამს რა გადაჭარბებული და უკონტროლო მიგრაციული მოძრაობის თავიდან აცილების საჭიროებას, რასაც თან ახლავს უარყოფითი სოციალური შედეგები, და იმის გათვალისწინებით, რომ სტრუქტურული და ქრონიკული უმუშევრობისაგან და განუვითარებლობისაგან თავის დასაღწევად, მრავალი ქვეყნის მთავრობა დაბეჯითებით მიუთითებს კაპიტალისა და ტექნოლოგიების გადაცემის უპირატესობას სამუშაო ძალის ტრანსფერთან შედარებით, რომელიც განსახილველი ქვეყნების საჭიროებებისა და მოთხოვნების შესაბამისად აისახება ადგილწარმოშობის ქვეყნისა და დამსაქმებელი ქვეყნის ურთიერთ- ინტერესებში, და მხედველობაში იღებს რა ყველა ადამიანის უფლებას დატოვოს ნებისმიერი ქვეყანა, საკუთარი სამშობლოს ჩათვლით, და დაბრუნდეს საკუთარ ქვეყანაში, როგორც ეს ჩამოყალიბებულია ადამიანის უფლებების საყოველთაო დეკლარაციაში და სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტში, და აპელირებს რა “დასაქმების მიზნით მიგრაციის შესახებ” კონვენციაში და რეკომენდაციაში(შესწორებული ვარიანტი, 1949) ჩამოყალიბებული დებულებებით, (ნაკლებად განვითარებული ქვეყნების) “მიგრანტი მშრომელების დაცვის” შესახებ 1955 წლის რეკომენდაციით, 1964 წლის დასაქმების პოლიტიკის კონვენციითა და რეკომენდაციით, 1948 წლის “დასაქმების სამსახურის კონვენციითა” და რეკომენდაციით, და “მომსახურებისათვის გადასახადის მიღების პრინციპზე მომუშავე დამსაქმებელი სააგენტოების შესახებ კონვენციით” (შესწორებული ვარიანტი, 1949), რომლებიც ისეთ საკითხებს ეხება, როგორიცაა: მიგრანტი მშრომელების სამუშაოზე აყვანის, წარდგენისა და განაწილების რეგულირება, მიგრაციასთან დაკავშირებით დაზუსტებული ინფორმაციით უზრუნველყოფა ტრანზიტული მგზავრობისა და ქვეყანაში ჩამოსვლისას მიგრანტისთვის მინიმალური პირობების შესახებ, აქტიური დასაქმების პოლიტიკის შემოღება და აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით საერთაშორისო თანამშრომლობა, და იმის გათვალისწინებით, რომ შრომის ბაზრებზე არსებული ვითარების გამოისობით გამოწვეული მშრომელთა მიგრაცია უნდა ხორციელდებოდეს დასაქმების ოფიციალური სააგენტოების პასუხისმგებლობის ქვეშ, ან შესაბამისი ორმხრივი თუ მრავალმხრივი შეთანხმებების შესაბამისად, კერძოდ კი სამუშაო ძალის თავისუფალი ცირკულაციის ნებადამრთველი შეთანხმებების შესაბამისად, და ითვალისწინებს რა, რომ სამუშაო ძალის არსებული უკანონო და ფარული ტრეფიკინგი საჭიროებს დამატებით ისეთი სტანდარტების შემოღებას, რომლებიც კონკრეტულად მსგავსი შეურაცხმყოფელი აქტების აღმოფხვრისაკენ იქნება მიმართული, ასევე აპელირებს რა “დასაქმების მიზნით მიგრაციის შესახებ” კონვენციაში (შესწორებული ვარიანტი, 1949) ჩამოყალიბებული დებულებებით, რომელიც მისი რატიფიკატორი წევრებისაგან მოითხოვს, რომ საკუთარ ტერიტორიაზე მიგრანტებისათვის უზრუნველყონ არანაკლებ ხელსაყრელი პირობები და დამოკიდებულება ვიდრე საკუთარი მოქალაქეების მიმართ აქვთ დანერგილი, რაც კანონებისა და ნორმატიული აქტების ძალით რეგულირდება ან ექვემდებარება ადმინისტრაციული ხელისუფლების კონტროლს, და აპელირებს რა (დასაქმებისა და პროფესიის) დისკრიმინაციის შესახებ 1958 წლის კონვენციაში მოცემული ტერმინის - “დისკრიმინაცია” განმარტებით, სადაც აღნიშნულია, რომ დისკრიმინაცია მხოლოდ ეროვნული კუთვნილების ნიადაგზე განსხვავებას არ გულისხმობს, ასევე ითვალისწინებს რა, რომ მიგრანტი მშრომელებისთვის თანასწორობისა და თანაბარი მოპყრობის უზრუნველსაყოფად სასურველია დამატებითი სტანდარტების შემოღება, რომლებიც სხვა საკითხებთან ერთად სოციალურ დაზღვევასაც შეეხება, და მათთვის უზრუნველყოფს თანაბარ ხელსაყრელ პირობებსა და დამოკიდებულებას როგორც საკუთარი მოქალაქეების მიმართაა დანერგილი, რაც კანონებისა და ნორმატიული აქტების ძალით რეგულირდება ან ექვემდებარება ადმინისტრაციული ხელისუფლების კონტროლს, და შენიშნავს, რომ მიგრანტი მშრომელების წინაშე მდგარი მრავალფეროვანი პრობლემების წარმატებით გადასაჭრელად, არსებითი მნიშვნელობა აქვს გაეროსა და სხვა სპეციალიზებულ სააგენტოებს შორის მჭიდრო თანამშრომლობის არსებობას, ასევე აღნიშნავს, რომ ხსენებული სტანდარტების ჩამოყალიბების პროცესში მხედველობაში იქნა მიღებული გაეროსა და მისი სპეციალიზებული სააგენტოების გამოცდილება, და დუბლიკაციის თავიდან აცილებისა და კოორდინაციის უზრუნველყოფის თვალსაზრისით, სტანდარტების დანერგვის საქმეში თანამშრომლობა და კოორდინაცია მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება. ასევე მას შემდეგ, რაც მიგრანტ მშრომელებთან დაკავშირებით გარკვეული წინადადებების მიღების თაობაზე მიიღო გადაწყვეტილებები, რომელიც სესიის დღის წესრიგში მეხუთე განსახილველ საკითხად არის შეტანილი, და იმის გათვალისწინებით, რომ წარმოდგენილმა წინადადებებმა უნდა მიიღოს საერთაშორისო კონვენციის სახე, რომელიც დამხმარე დოკუმენტი იქნება დასაქმების მიზნით მიგრაციის შესახებ (შესწორებული ვარიანტი) 1949 კონვენციისა და დისკრიმინაციის (დასაქმებასა და პროფესიაში) შესახებ 1958 კონვენციისა, ათას ცხრაას სამოცდათხუტმეტი წლის ოცდაოთხ ივნისს იღებს წინამდებარე კონვენციას, რომელსაც შეიძლება ეწოდოს კონვენცია მიგრანტი მშრომელების შესახებ (დამხმარე დებულება), 1975. ნაწილი I: მიგრაცია შეურაცხმყოფელ პირობებში მუხლი 1 თითეული წევრი, რომლისთვისაც წინამდებარე კონვენცია შედის ძალაში, ვალდებულებას კისრულობს, რომ პატივი სცეს ადამიანთა ძირითად უფლებებს ყველა მიგრანტთან მიმართებაში. მუხლი 2 1. თითეული წევრი, რომლისთვისაც წინამდებარე კონვენცია შედის ძალაში, ვალდებულია სისტემატურად დაადგინოს არსებობს თუ არა მის ტერიტორიაზე არალეგალურად დაქირავებული მიგრანტი მუშახელი და აქვს თუ არა ადგილი მისი ტერიტორიიდან, მისი ტერიტორიის გავლით ან მის ტერიტორიაზე დასაქმების მიზნით მიგრირებულ პირთა ისეთ მოძრაობას, რომლის დროსაც ეს უკანასკნელნი მგზავრობისას, ჩამოსვლისას ან რეზიდენტურისა(ცხოვრებისა) და დასაქმების პერიოდში ექვემდებარებიან ისეთ პირობებს, რომლებიც წინააღმდეგობაშია მრავალმხრივი თუ ორმხრივი საერთაშორისო ინსტრუმენტებითა თუ შეთანხმებებით განსაზღვრულ პირობებთან, ეროვნულ კანონმდებლობასთან ან რეგულაციებთან. 2. დამსაქმებელთა და მშრომელთა წარმომადგენლობითი ორგანიზაციებისათვის უზრუნველყოფილი უნდა იყოს კონსულტაციები და მათ უნდა გადაეცეს ნებისმიერი ინფორმაცია აღნიშნულ საკითხთან მიმართებაში. მუხლი 3 თითეულმა წევრმა უნდა მიიღოს ყველა აუცილებელი და შესაფერისი ზომა, როგორც საკუთარი იურისდიქციის ფარგლებში, ისე სხვა წევრ ქვეყნებთან ურთიერთ თანამშრომლობის გზით, რათა: (ა) შეზღუდოს დასაქმების მიზნით მიგრირებულ პირთა უკანონო მოძრაობა და მიგრანტთა უკანონო დაქირავება, და (ბ) წინ აღუდგეს მისი ტერიტორიიდან, მისი ტერიტორიის გავლით ან მის ტერიტორიაზე დასაქმების მიზნით მიგრირებულ პირთა უკანონო თუ ფარული მოძრაობის ორგანიზატორებს, და არალეგალურ პირობებში მიგრირებულ პირთა დამქირავებლებს, იმისათვის, რომ არმოიფხვრას და შეიზღუდოს ამავე კონვენციის მე-2 მუხლში განმარტებული შეურაცხყოფის შესაძლებლობა. მუხლი 4 კერძოდ, წევრმა ქვეყნებმა უნდა მიიღონ ყველა საჭირო ზომა, როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო დონეზე, რათა დამქირავებელთა და მუშა ხელის წარმომადგენელ ორგანზაციებთან კონსულტაციებით საკითხთან დაკავშირებით უზრუნველყონ სისტემატური კონტაქტი და ინფორმაციის გაცვლა-გამოცვლა სხვა სახელმწიფოებთან. მუხლი 5 წინამდებარე კონვენციის მე-3 და მე-4 მუხლებში ჩამოყალიბებული ზომების ერთ-ერთი მიზანი უნდა იყოს სამუშაო ძალის ტრეფიკინგის ორგანიზატორების სამართლებრივი დევნა ნებისმიერ ქვეყანაში, სადაც კი ისინი ახორციელებენ საქმიანობას. მუხლი 6 1. ეროვნული კანონმდებლობისა და რეგულაციების შესაბამისად უნდა შეიქმნას დებულება, რომელიც ეფექტურად გამოავლენს მიგრანტი მუშახელის უკანონო დაქირავების ფაქტებს და განმარტავს და უზრუნველყოფს ადმინისტრაციული, სამოქალაქო და საჯარიმო სანქციების, მათ შორის დაპატიმრების განხორციელებას, დასაქმების მიზნით მიგრირებულ პირთა მოძრაობის იმ ორგანიზატორთა წინააღმდეგ, რომლებიც ზემოთ, ამავე კონვენციის მე-2 მუხლში განმარტებულ შეურაცხმყოფელ პირობებს ქმნიან, და ასეთი სახის მოძრაობას ხელს უწყობენ მოგების მიღების ან სხვა მიზნით. 2. როდესაც დამქირავებლის მიმართ ამ მუხლის შესაბამისად შექმნილი დებულების საფუძველზე ხორციელდება სასამართლო დევნა, მას უნდა მიეცეს საშუალება, რათა წარმოადგინოს მისი კეთისინდისიერების დამადასტურებელი მტკიცებულებები. მუხლი 7 მუხლი 8 1. იმ პირობებში, როდესაც პირი კანონიერად ცხოვრობს ამა თუ იმ ტერიტორიაზე დასაქმების მიზნით, მიგრანტი მუშა არ უნდა იყოს განხილული როგორც არაკანონიერ ან არალეგალურ სიტუაციაში მყოფი პირი, მის მიერ მხოლოდ სამსახურის დაკარგვის გამო, რაც თავის თავში არ უნდა გულისხმობდეს პირისათვის ცხოვრების უფლების ჩამორთმევას, ან, საქმის ვითარებიდან გამომდინარე, მუშაობის უფლების ჩამორთმევას. 2. შესაბამისად, მან უნდა ისარგებლოს ადგილობრივ მოქალაქეებთან გათანაბრებული მოპყრობით, განსაკუთრებით დასაქმების უზრუნველყოფის, ალტერნატიული დასაქმების შეთავაზების, უმუშევრობის შემთხვევაში საზოგადოებრივ სამუშაოზე დასაქმების უფლების და კვალიფიკაციის ამაღლების შესაძლებლობების გარანტირების გზით. მუხლი 9 1. დასაქმების მიზნით მიგრირებულ პირთა მოძრაობის კონტროლისათვის შემუშავებული ზომების დაურღვევლად, როცა მიგრანტი მშრომელები დაიშვებიან ეროვნული ქვეყნის ტერიტორიაზე და საქმდებიან შესაბამისი კანონებისა და რეგულაციების საფუძველზე, ისეთ შემთხვევებში, როდესაც არ იქნა დაცული აღნიშნული კანონები და რეგულაციები, და რომლის დროსაც ვერ ხერხდება მიგრანტი მშრომელის მდგომარეობის მოწესრიგება, მან საკუთარი თავისა და ოჯახის წევრების მიმართ უნდა ისარგებლოს თანასწორუფლებიანი მოპყრობით მისი წინამორბედი სამუშაოს გასამრჯელოდან გამომდინარე უფლებებთან, სოციალურ დაზღვევასთან და სხვა პრივილეგიებთან დაკავშირებით. 2. იმ შემთხვევაში, როცა ადგილი აქვს წინამორბედ პარაგრაფში განხილულ თემებთან დაკავშIრებით წარმოქმნილ დავას, მშრომელს უნდა ჰქონდეს საქმის კომპეტენტური ორგანოს წინაშე წარდგენის შესაძლებლობა პირადად, ან წარმომადგენლის მეშვეობით. 3. მშრომელის ან მისი ოჯახის წევრების გასახლების შემთხვევაში, ხარჯები არ უნდა დაეკისროს მას ან მისი ოჯახის წევრებს. 4. წინამდებარე კონვენციის არც ერთი დებულება არ აფერხებს წევრი სახელმწიფოების მიერ, იმ პირებისათვის, რომლებიც არალეგალურად ცხოვრობენ ან მუშაობენ ქვეყნის ტერიტორიაზე, კანონიერი სამსახურისა და ცხოვრების უფლების მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების მიღებას. ნაწილი II თანასწორუფლებიანი შესაძლებლობები და მოპყრობა მუხლი 10 თითეული წევრი, რომლისთვისაც წინამდებარე კონვენცია შედის ძალაში, ვალდებულებას კისრულობს, რომ ეროვნული პრაქტიკისა და მეთოდების შესაბამისად, დეკლარირება მოახდინოს და დაიცვას ეროვნული პოლიტიკა, რომელიც მიმართული იქნება დასაქმებისა და საქმიანობის სფეროს მიმართ თანაბარი შესაძლელობებისა და მოყრობის, სოციალური დაზღვევის, პროფკავშირული და კულტურული უფლებების ხელშეწყობისა და გარანტირებისაკენ და ინდივიდუალური და კოლექტიური თავისუფლებების დაცვისკენ იმ პირთათვის, რომლებიც მიგრანტი მშრომელების ან მათი ოჯახის წევრების რანგში კანონიერად იმყოფებიან მათ ტერიტორიაზე. მუხლი 11 1. წინამდებარე კონვენციის ამ ნაწილის მიზნებიდან გამომდინარე, ტერმინი მიგრანტი მშრომელი ნიშნავს ადამიანს, რომელიც ერთი ქვეყნიდან მეორეში მიდის სამსახურის მოსაპოვებლად და არა თვითდასაქმებისთვის, და გულისხმობს ნებისმიერ პირს, რომელსაც როგორც წესი ეძლევა დასაქმების მიზნით მიგრირებული პირის ნებართვა. 2. წინამდებარე კონვენცია არ ეხება: ა. საზღვარზე მომუშავე პირებს; ბ. ლიბერალური (თავისუფალი) პროფესიებისა და ხელოვნების მუშაკების მოკლევადიან შესვლას ქვეყანაში; და გ. მეზღვაურებს. დ. პირებს, რომლებიც კონკრეტულად ტრენინგის ან განათლების მისაღებად ჩამოდიან, ე. ქვეყნის ტერიტორიაზე მოქმედი ორგანიზაციებისა თუ საწარმოების მუშაკებს, რომლებსაც დამქირავბლის თხოვნით მიეცათ ტერიტორიაზე კონკრეტული სამუშაოსა თუ დავალების შესასრულებლად დროებითი მუშაობის ნებართვა, დროის განსაზღვრულ მონაკვეთში, და რომლებიც ვალდებულნი არიან მათზე დაკისრებული მოვალეობისა თუ სამუშაოს შესრულების შემდეგ დატოვონ ქვეყნის ტერიტორია. მუხლი 12 თითეულმა წევრმა ქვეყანამ შესაბამისი ეროვნული პრაქტიკისა და პირობების შესაბამისი მეთოდებით, (ა) უნდა ეცადოს დაქირავებულთა და დამქირავებელთა ორგანიზაციებსა და სხვა სტრუქტურებთან თანამშრომლობით მიაღწიოს ამ კონვენციის მე-10 მუხლში აღწერილი პოლიტიკის ხელშეწყობას და დაცვას; (ბ) შექმნას ისეთი კანონმდებლობა და ხელი შეუწყოს ისეთ საგანმანათლებლო პროგრამებს, რომლებიც უზრუნველყოფს ამ კონვენციის მე-10 მუხლში აღწერილი პოლიტიკის ხელშეწყობას და დაცვას; (გ) მიიღოს ზომები, წაახალისოს საგანმანათლებლო პროგრამები და შექმნას სხვა ღონისძიებები, რომელთა მიზანიც იქნება მიგრანტი მშრომელებისათვის პოლიტიკის, მათი უფლებებისა და მოვალეობების, აგრეთვე, მათივე უფლებების დასაცავად მათთვის ეფექტური დახმარების გასაწევად შემუშავებული ღონისძიებების შეძლებისდაგვარად სრულად გაცნობას. (დ) მოახდინოს პოლიტიკასთან შეუთავსებელი ნებისმიერი კანონით დადგენილი დებულების ანულირება და შეცვალოს ნებისმიერი ადმინისტრაციული ინსტრუქცია. (ე) დამსაქმებელთა და მშრომელთა წარმომადგენლობით ორგანიზაციებთან კონსულტაციების გზით ჩამოაყალიბოს და განახორციელოს ეროვნული პირობებისა და პრაქტიკის შესაბამისი სოციალური პოლიტიკა, რაც მიგრანტ მშრომელებსა და მათი ოჯახის წევრებს საშუალებას მისცემს ისარგებლონ ადგილობრივი მოქალაქეების მსგავსად თანაბარი უპირატესობებით, ისე, რომ არ დაირღვეს თანაბარი შესაძლებლობებისა და მოპყრობის პრინციპი ისეთ კონკრეტულ საჭიროებებთან მიმართებაში, რომლებიც შესაძლოა მათ ჰქონდეთ დამსაქმებელი ქვეყნის საზოგადოებასთან ადაპტირებამდე. (ვ) ყველა ნაბიჯი გადადგას მიგრანტი მშრომელებისა და მათი ოჯახის წევრების დასახმარებლად და წასახალისებლად მათ მიერ ეროვნული და ეთნიკური იდენტურობისა და საკუთარ ქვეყანასთან კულტურული კავშირის შესანარჩუნებლად, მათ შორის მათი ბავშვებისათვის მშობლიური ენის შესწავლის შესაძლებლობის მიცემით. (ზ) სამუშაო პირობებთან დაკავშირებით ყველა მიგრანტი მშრომელისათვის, რომელიც მსგავს საქმიანობას ეწევა, უზრუნველყოს თანაბარი მოპყრობა, მიუხედავად იმისა, თუ როგორია მათი დასაქმების კონკრეტული პირობები. მუხლი 13 1. წევრ სახელმწიფოს შეუძლია მიიღოს მისი კომპეტენციის ფარგლებში არსებული ყველა აუცილებელი ზომა და ითანამშრომლოს სხვა წევრებთან, მის ტერიტორიაზე კანონიერად მცხოვრები ყველა მიგრანტი მშრომელის თავის ოჯახთან შესაერთებლად. 2. მიგრანტი მშრომელის ოჯახის წევრებად, რომელსაც ეხება წინამდებარე მუხლი, განიხილებიან ამ პირის მეუღლე, კმაყოფაზე მყოფი შვილები, დედა და მამა. მუხლი 14 წევრს შეუძლია: (ა) დასაქმების თავისუფალი არჩევანის უზრუნველყოფა, როცა მიგრანტ მშრომელს მინიჭებული აქვს გეოგრაფიული მობილობის უფლება, იმ პირობით თუ ქვეყნის ტერიტორიაზე მიგრანტი მშრომელი დასაქმების მიზნით კანონიერად ცხოვრებდა გარკვეული ვადით, მაგრამ არაუმეტეს ორი წლისა, ან, თუ განსახილველი ქვეყნის კანონმდებლობით დაშვებულია ორ წელზე ნაკლები პერიოდის ფიქსირებულ ვადიანი შრომითი ხელშეკრულებების გამოყენება, მაშინ მუშას დასრულებული უნდა ჰქონდეს პირველი შრომითი ხელშეკრულება. (ბ) დამსაქმებელთა და მშრომელთა წარმომადგენლობით ორგანიზაციებთან შესაფერისი კონსულტაციების შემდეგ, შექმნას მისი ტერიტორიის გარეთ შეძენილი პროფესიული კვალიფიკაციების, სერთიფიკატებისა და დიპლომების მაღიარებელი რეგულაციები; (გ) შეზღუდოს დაშვება დასაქმების გარკვეულ კატეგორიებზე და ფუნქციების შესრულებაზე, თუ ასეთი შეზღუდვა გამომდინარეობს სახელმწიფო ინტერესებიდან.
მუხლი 15 კონვენცია ხელს არ უშლის წევრ სახელმწიფოებს, რომ ამ კონვენციის განხორციელების კვალდაკვალ, წარმოქმნილი პრობლემების მოსაგვარებლად, გააფორმონ მრავალმხრივი ან ორმხრივი შეთანხმებები. მუხლი 16 1. ნებისმიერ წევრ სახელმწიფოს, რომელიც მოახდენს წინამდებარე კონვენციის რატიფიკაციას, შეუძლია რატიფიკაციის დოკუმენტზე თანდართულ დეკლარაციაში განაცხადოს კონვენციის პირველი ან მეორე ნაწილის რატიფიკაციიდან ამოღების შესახებ. 2. ნებისმიერ წევრ სახელმწიფოს, რომელიც მსგავს დეკლარაციას გააკეთებს, ნებისმიერ დროს შეუძლია მომდევნო დეკლარაციით (განცხადებით) გააუქმოს მის მიერ უკვე გაკეთებულ წინა დეკლარაცია. 3. თითეულმა წევრმა ქვეყანამ, რომლისთვისაც ამ მუხლის 1-ლი პარაგრაფის მიხედვით გაკეთებული დეკლარაცია არის ძალაში, კონვენციის განხორციელების (დანერგვის) შესახებ მომზადებულ ანგარიშებში უნდა მიუთითოს, რატიფიკაციიდან ამოღებული ნაწილის დებულებების და მისი ეროვნული კანონებისა და პრაქტიკის მდგომარეობის ურთიერთქმედების შესახებ, თუ რამდენად განხორციელდა, ან რამდენად განხორციელდება ეს დებულებები, ასევე იმ მიზეზების შესახებ, რის გამოც არ ხდება აღნიშნული ნაწილის რატიფიკაცია. მუხლი 17 წინამდებარე კონვენციის ოფიციალურად რატიფიკაციის შესახებ რეგისტრაციისათვის უნდა ეცნობოს შრომის საერთაშორისო ოფისის გენერალურ დირექტორს. მუხლი 18 1. კონვენცია ვალდებულებებით ტვირთავს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მხოლოდ იმ წევრებს, რომელთა მიერ კონვენციის რატიფიკაციაც რეგისტრირებულია გენერალური დირექტორის მიერ. 2. იგი ძალაში უნდა შევიდეს ორი წევრის მიერ რატიფიკაციის გენერალურ დირექტორთან რეგისტრაციის თარიღიდან თორმეტი თვის შემდეგ. 3. ამის შემდეგ, ნებისმიერი წევრი ქვეყნისათვის კონვენცია ძალაში შედის ამ ქვეყნის მიერ მისი რატიფიკაციის თარიღიდან თორმეტი თვის შემდეგ. მუხლი 19 1. იმ წევრ ქვეყანას, რომელსაც რატიფიცირებული აქვს წინამდებარე კონვენცია, შეუძლია უარი განაცხადოს მასზე კონვენციის ძალაში პირველად შესვლის თარიღიდან ათი წლის შემდეგ, რაც განხორციელდება შრომის საერთაშორისო ოფისის გენერალური დირექტორისათვის შესაბამისი აქტის სარეგისტრაციოდ წარდგენით. კონვენციაზე უარის თქმა ძალაში შედის მისი რეგისტრაციის თარიღიდან მხოლოდ ერთი წლის შემდეგ.
მუხლი 20 1. შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი ვალდებულია, რომ შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ყველა წევრ ქვეყანას შეატყობინოს ყველა რატიფიკაციის, დეკლარაციის და კონვენციაზე უარის თქმის რეგისტრაციის შესახებ, რომელიც მას წარუდგინეს ორგანიზაციის წევრმა ქვეყნებმა. 2. ორგანიზაციის წევრებისათვის ხელმეორე რატიფიკაციის თაობაზე მასთან წარდგენილი განაცხადების რეგისტრაციის შესახებ ინფორმაციის მიწოდების დროს, გენერალურმა დირექტორმა ორგანიზაციის წევრების ყურადღება უნდა გაამახვილოს თარიღზე, რომლიდანაც კონვენცია შევა ძალაში. მუხლი 21 როგორც ეს აღწერილია გაეროს წესდების 102-ე მუხლში, შრომის საერთაშორისო ოფისის გენერალურმა დირექტორმა, რეგისტრაციისათვის განცხადებით უნდა მიმართოს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ მდივანს, სადაც ჩამოთვლილი იქნება ყველა რატიფიკაციის, დეკლარაციის და უარყოფის აქტების სრულყოფილი სია, რომელიც მან გაატარა რეგისტრაციაში წინამორბედ მუხლებში აღწერილი დებულებების შესაბამისად. მუხლი 22 ნებისმიერ დროს, როცა ამას საჭიროდ ჩათვლის, შრომის საერთაშორისო ოფისის მმართველ ორგანოს შეუძლია გენერალურ კონფერენციას წარუდგინოს კონვენციის გამოყენების ეფექტურობის შესახებ ანგარიში და განიხილოს კონფერენციის დღის წესრიგში მისი ნაწილობრივი ან სრული რევიზიის შესახებ საკითხის შეტანა. მუხლი 23 1. თუ ყრილობა მიიღებს კონვენციის ახალ, მთლიანად ან ნაწილობრივ შესწორებულ ვარიანტს, და თუ ახალ კონვენციაში სხვაგვარად არ არის განმარტებული, მაშინ: ა. წევრი ქვეყნის მიერ, შესწორებული კონვენციის რატიფიკაცია კანონის ძალით (იპსო ჯურე) უნდა ნიშნავდეს წინამდებარე კონვენციიდან დაუყოვნებელ გასვლას, ზემოთ, მე-19 მუხლში აღწერილი პირობების მიუხედავად, თუ და როცა ახალი, რევიზირებული კონვენცია შედის ძალაში. ბ. იმ დღიდან, როცა ძალაში შევა ახალი, რევიზირებული კონვენცია, წევრებისათვის წინამდებარე კონვენციის რატიფიკაციის საკითხი უნდა დაიხუროს. 2. წინამდებარე კონვენცია მისი არსებული ფორმითა და შინაარსით ძალაში რჩება იმ წევრი ქვეყნებისათვის, რომლებმაც მოახდინეს მისი რატიფიცირება, ხოლო ახალი, შესწორებული ვარიანტისა – არა. მუხლი 24 წინამდებარე კონვენციის ინგლისური და ფრანგული ვერსიები თანაბარი ძალის მქონე დოკუმენტებს წარმოადგენს. ცნობარი: წესდება: შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის წესდების პრეამბულა
|












