|
საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების მიზნები და ამოცანები
- გაერთიანება აერთიანებს პროფესიულ კავშირებს და მოქმედებს საერთო მიზნებიდან გამომდინარე.
- გაერთიანება და მისი წევრი პროფესიული კავშირები მოწოდებულნი არიან დაიცვან დასაქმებულთა შრომითი, სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული ინტერესები, ხელი შეუწყონ ეკონომიკის, სახელმწიფოსა და საზოგადოების შემდგომი დემოკრატიზაციის პროცესებს.
გაერთიანების მიზნებია:
ხელი შეუწყოს: ა) სოციალური და დემოკრატიული სახელმწიფოს ჩამოყალიბებასა და განვითარებას;
ბ) საერთაშორისო პროფკავშირული მოძრაობის თავისუფალ განვითარებასა და გაძლიერებას;
გ) ევროინტეგრაციას;
დ) გენდერული თანასწორობის დაცვას;
ე) ადამიანის ძირითადი დემოკრატიული უფლებებისა და პროფესიული კავშირების დამოუკიდებლობის დაცვას;
ვ) შრომით ბაზარზე ჯანსაღი კონკურენციიის დამკვიდრებას;
ზ) ქვეყანაში დასაქმების ხელშემწყობი სოციალური კლიმატისა და დისკრიმინაციისაგან თავისუფალი გარემოს შექმნას;
თ) ქალთა და ახალგაზრდული ორგანიზაციების საქმიანობას.
წარმოადგინოს დასაქმებულთა ინტერესები:
ა) ეროვნული და საერთაშორისო ეკონომიკური პოლიტიკის ჩამოყალიბებისას;
ბ) სოციალური, ჯანდაცვისა და გარემოს დაცვის ეროვნული და საერთაშორისო პოლიტიკის, დასაქმების, შრომის ბაზრის განვითარების, ფასებისა და სამომხმარებლო ბაზრის პოლიტიკის ჩამოყალიბებისას;
გ) საზოგადოებრივი სტრუქტურების ფორმირებისას;
დ) შრომის, სოციალური და სხვა კანონმდებლობის შემუშავების პროცესში;
ე) განათლებისა და კულტურის პოლიტიკაში ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე სწავლების შესაძლებლობების ჩამოყალიბებაში.
მიაწოდოს ინფორმაცია ქვეყნის საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებას, ევროკავშირის ინსტიტუტებს და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს ქვეყანაში არსებული პრობლემების, დასაქმებულთა ინტერესების შემზღუდველი პირობებისა და მათი გამოსწორების მდგომარეობის შესახებ.
გაერთიანების ამოცანებია:
- ადამიანის ძირითადი თავისუფლებებისა და უფლებების, მათ შორის გაფიცვის უფლების, სოციალური თანხმობის, მშვიდობის დაცვისა და პროფკავშირების თავისუფალი საქმიანობისათვის აუცილებელი პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება;
- საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში გაერთიანების წარმომადგენლობების მეშვეობით პროფკავშირის წევრებისათვის უწყვეტი სწავლებისა და განათლების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;
- იურიდიული საკონსულტაციო ცენტრების შექმნის გზით დაინტერესებული პროფკავშირის წევრებისათვის შრომითი, სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის საკითხებში დახმარება;
- პროფკავშირის წევრთა წარმომადგენლობა სასამართლოში და მათი უფლებების დაცვა;
- სოციალური დიალოგის წარმოება საქართველოს მთავრობასა და მეწარმეთა გაერთიანებებთან, კოლექტიური მოლაპარაკებების პოლიტიკის ზოგადი პრინციპების დადგენა;
- შრომითი ურთიერთობებისა და შრომითი დავების შესახებ ზოგადი ინსტრუქციების ჩამოყალიბება;
- პროფკავშირულ მოძრაობაში წარმოქმნილი დავების გამომწვევი მიზეზების შესწავლა და მოგვარება გაერთიანების ყრილობის მიერ დამტკიცებული ,,საქართველოს პროფკავშირულ მოძრაობაში წარმოქმნილი დავების მარეგულირებელი” მუდმივმოქმედი კომისიის მეშვეობით;
- გაერთიანების აქტივების განკარგვა და ინვესტიციების კოორდინირება;
- დასაქმებულთა სადაზღვევო შენატანების ხარჯზე შექმნილი სახელმწიფო ფონდებისა და კომპანიების მართვაში მონაწილეობა, პროფკავშირების სოციალური პროგრამების – დასაქმებულთა და მათი ოჯახის წევრთა სამედიცინო მომსახურების, დასვენებისა და გაჯანსაღების პროგრამების განხორციელება;
- ქვეყანაში შექმნილი ვითარების შესაბამისად, დასაქმებულთა შრომითი, სოციალურ-ეკონომიკური უფლებებისა და ინტერესების დასაცავად გაფიცვების, შეკრებების, მანიფესტაციებისა და სხვა მასობრივი საპროტესტო აქციების ჩატარება, სოლიდარობის, საგაფიცვო ფონდებისა და შტაბების შექმნა.
|