18 დეკემბერი -შრომითი მიგრანტების საერთაშორისო დღე

18 დეკემბერი -შრომითი მიგრანტების საერთაშორისო დღე

18 დეკემბერი -შრომითი მიგრანტების საერთაშორისო დღე

სტატიის ავტორი; დავით არაბიძე

გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ 1990 წლის 18 დეკემბერს მიიღო საერთაშორისო კონვენცია „შრომითი მიგრანტებისა და მათი ოჯახის წევრების უფლებების დაცვის შესახებ“, რის საფუძველზეც ეს დღე დადგინდა შრომითი მიგრანტების საერთაშორისო დღედ. შრომითი მიგრაციის თაობაზე გაერთიანებული ერების ორგანიზაცია და მისი  სპეციალიზებული დაწესებულება - შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია, გაეროს დაფუძნების დღიდან ზრუნავს. შრომის საერთაშორისო ორგანიზაციამ უკვე 1949 წელს შეიმუშავა № 97-ე კონვენცია «დასაქმების მიზნით მიგრაციის შესახებ“, 1975 წელს მოამზადა № 143-ე კონვენცია „იმიგრანტი მუშების შესახებ“ და დამატებითი რეკომენდაციები ამ კონვენციასთან დაკავშირებით, ხოლო 1998 წელს მიიღო დეკლარაცია „სამუშაო ადგილებზე ფუნდამენტური პრინციპებისა და უფლებების შესახებ“, რაც ასევე მიმართული იყო შრომითი მიგრანტების ღირსებისა და უფლებების დაცვისაკენ.

შრომითი მიგრაცია და შრომითი მიგრანტები ამ სამყაროსავით ძველი მოვლენაა. საქართველომ ეს მოვლენა სრული სისავსით ჯერ კიდევ 30 წლის წინ იხილა, როდესაც მყისიერად იჩინა თავი როგორც უმუშევრობამ, ასევ ყოფილი „რკინის ფარდის“ დაცემა. დღეს სხვადასხვა ორგანიზაციების მონაცემებით საკუთარი წარმოშობის ქვეყნის გარეთ უკვე 175 მილიონზე მეტი ქალი და მამაკაცი არის დასაქმებული, რომელთა მიერ საკუთარი მოქალაქეობის ქვეყნებში გადაგზავნილი ფულადი თანხის მოცულობა 600 მილიარდ ამერიკულ დოლარს უახლოვდება.

დღეს შრომითი მიგრაცია დაკავშირებულია ოთხ უმთავრეს ფაქტორთან: დემოგრაფიული აფეთქება, ომები და შეიარაღებული კონფლიქტები, სახელმწიფოთა შრომითი პოლიტიკა და სოციალურ-ეკონომიკური ნორმატივები. შრომით მიგრაციას კი თან ახლავს პრობლემები, რომელთაგან სამი უმთავრესია: ტრეფიკინგი, შრომითი მიგრაციის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის სისუსტე და ქვეყნების შრომითი სამართლის გაუმართაობა.

გონივრული და პასუხისმგებლობით აღსავსე მიდგომით შრომითი მიგრაცია შეიძლება დადებითი მოვლენაც კი შეიძლება გახდეს, თუ შრომითი მიგრანტების წარმგზავნ და მიმღებ სახელმწიფოებსა და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს შორის იქნება გულწრფელი და ურთიერთხელსაყრელი პარტნიორული ურთიერთობა-თანამშრომლობა. ასეთი შრომით მიგრაცია მხოლოდ ხელს შეუწყობდა სამუშაო ძალის დეფიციტის დაძლევას და გახდებოდა ეკონომიკური ზრდის ხელის შემწყობი ფაქტორი, როგორც შრომითი მიგრანტების წარმგზავნი, ასევე მიმღები ქვეყნებისთვის.

შრომითი მიგრაციის საკითხის თვალსაზრისით საქართველოს კანონმდებლობა უაღრესად მწირია, რადგან არსებობს მხოლოდ კანონი „უცხოელთა და მოქალაქეობის არ მქონე პირთა სამართლებრივი სტატუსის შესახებ“, რომელშიც აღნიშნულია რომ უცხოელთა და მოქალაქეობის არ მქონე პირთა შრომით საქამიანობა საქართველოში რეგულირდება კანონით, მაგრამ რომლით არაა განსაზღვრული. მართალია საქართველოს ორგანული კანონი „შრომის კოდექსი“ კრძალავს დისკრიმინაციას შრომით ურთიერთობებში, თუმც მასში ეს საკითხი ინდივიდუალურად არ არის დარეგულირებული. მსოფლიოსა და მიმდებარე რეგიონებში მაღალი შრომითი მიგრაციის ტალღების პირობებში საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტს უნდა იღწვოდეს, რომ ჩვენს ქვეყანაში შრომითმა მიგრაციამ სამართლებრივად დარეგულირებული სახე მიიღოს. ეს ნიშნავს, რომ საქართველოს პარლამენტმა დღესვე უნდა დაიწყოს მუშაობა შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის № 97-ე  კონვენციისა და № 143-ე კონვენციის და მისი დამატებითი რეკომენდაციის რატიფიცირებაზე. მათი რატიფიცირება  ხელს შეუწყობს უკვე ეროვნული კანონის „შრომითი მიგრაციის შესახებ“ მომზადებასა და მიღებას.

შრომითი მიგრაციის საკითხი საქართველოს წინაშე აყენებს საერთაშორისო, რეგიონალური და ეროვნული გამოცდილებების, უკვე ამუშავებული მოდელების დეტალურ გაანალიზების საკითხს. პარლამენტის მიერ კანონის მიღებამდე უნდა მოხდეს შეთანხმება სოციალურ პარტნიორებს შორის (მთავრობა, პროფკავშირები და დამსაქმებლები), თუ როგორ განსაზღვრავს ეს კანონი შრომითი მიგრაციის ძირითად პრინციპებს, შრომით მიგრანტთა კატეგორიებს, საჭირო დოკუმენტების ნუსხას, პროცედურებს, დასაქმების წინაპირობებს, შრომითი ხელშეკრულებების ფორმებს, საინფორმაციო ვალდებულებებს, ოჯახის საკითხს, სოციალურ დაცვას, შრომითი მიგრანტის უფლებებს, ვალდებულებებსა და პასუხისმგებლობას, სახელმწიფოსა და დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოების, განსაკუთრებით კი პროფკავშირების მხრიდან შრომითი მიგრაციის სამართლებრივ რეგულირებაზე კონტროლს. დიდი სამუშაო არის ჩასატარებელი და პირველ რიგში უნდა მოხდეს საქართველოს შრომის ბაზრის ძირფესვიანი შესწავლა და გაანალიზება, რადგან ამის გარეშე შრომითი მიგრაციის საკითხი ვერც სამართლიანად და ვერც სამართლებრივად ვერ დარეგულირდება. სათანადო კანონმა ზუსტად უნდა დაადგინოს პრევენციის, რეაგირების, პასუხისმგებლობისა და გამოსწორების ეფექტური მექანიზმები და მათზე პასუხისმგებელი სახელმწიფო ორგანოები, რათა შრომითმა მიგრაციამ ქვეყანაში რაიმე პრობლემა არ წარმოშვას.

სოციალური პარტნიორობა შრომითი მიგრაციის საკითხის სამართლიანი გადაწყევტის ყველაზე ეფექტური საშუალება და გზაა, რადგან მხოლოდ სამმხრივი (მთავრობა, პროფკავშირები და დამსაქმებლები) სოციალური პასუხისმგებლობით შეიძლება ჩვენი ეპოქის ეს დიდი გამოწვევა გახდეს საქართველოს და მისი ხალხის წინსვლის და არა პრობლემების ხელის შემწყობი მოვლენა. შრომითი მიგრაცია ქვეყნისა და საზოგადოების დიდ ყურადღებას საჭიროებს.

18 დეკემბერია და პროფკავშირული სოლიდარობა შრომით მიგრანტებს მთელს მსოფლიოში.

tgedevanishvili

Close
Close

Please enter your username or email address. You will receive a link to create a new password via email.

Close

Close