პროფკავშირები კანადაში

პროფკავშირები კანადაში

პროფკავშირები კანადაში

სტატიის ავტორი: დავით არაბიძე

კანადა ტერიტორიის მიხედვით მსოფლიოში მეორე სახელმწიფოა და მისი ფართობი 9 984 670 კვადრატული კილომეტრია, მოსახლეობა კი 36 მილიონს აღემატება. კანადა ფედერაციაა, სადაც ორი სახელმწიფო ენა ინგლისური და ფრანგული მოქმედებს. ეს ინდუსტრიულ-აგრარული ქვეყანა და მსოფლიოს ყველაზე განვითარებული სახელმწიფოების პირველ ათეულში შედის. მისი ეკონომიკის გამორჩეული ნიშანი არის მასში უცხოური კაპიტალის ძალიან დიდი წილი. ამ მხრივ ეს ქვეყანა მსოფლიოში პირველ ადგილზეა, მაგრამ კანადა არა მარტო იღებს უცხოურ კაპიტალს, არამედ თავადაც აქტიურად ეწევა ფინანსური კაპიტალის ექსპორტს. კანადის საგარეო ეკონომიკურ საქმიანობაში დიდი ადგილი უკავია მინერალური ნედლეულისა და მარცვლეულის, განსაკუთრებით ხორბლის ექსპორტს. ქვეყანაში განვითარებულია შავი და ფერადი მეტალურგია, ტყის მასალების გადამუშავება, საავტომობილო და მანქანათმშენებლობა, ნავთობის გადამუშავება. ქვეყნის აგრარულ სექტორში განვითარებულია მსხვილი კაპიტალისტური ფერმები, რომელნიც გარდა მარცვლეულისა, იძლევიან დიდი მოცულობით ხორცპროდუქტების წარმოების საშუალებას. კანადა ასევე დიდი მოცულობით ანხორციელებს ელექტრო ენერგიის ექსპორტს.

კანადაში პროფკავშირულმა მოძრაობამ ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში აიდგა ფეხი, თუმც მისი მთავარი მახასიათებელი ნიშანი მე-20 საუკუნის მეორე ნახევრამდე იყო მჭიდრო ინტეგრაცია ამერიკის პროფკავშირულ მოძრაობასთან, განსაკუთრებით შრომის ამერიკულ ფედერაციასთან, ამის დასტურია ის რომ თითქმის საუკუნე იარსებეს ამერიკულ-კანადურმა ტრანსნაციონალურმა პროფორგანიზაციებმა.

დღეს კანადაში მოქმედებს რამდენიმე საერთო ეროვნული პროფკავშირული გაერთიანება. მათგან ყველაზე ძლიერი და მრავალრიცხოვანია 1956 წელს დაფუძნებული კანადის მუშათა კონგრესი. იგი აერთიანებს კანადის ყველა პროვინციისა და თითქმის ყველა დარგის მუშაკებს. კანადის მუშათა კონგრესს შემუშავებული აქვს ალტერნატიული ეკონომიკური პოლიტიკის კონცეფცია, რომელიც მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა: სრული დასაქმება, იაფი საბანკო კრედიტი, პროგრესული საგადასახადო რეფორმები, საზოგადოებრივი კონტროლი კაპიტალდაბანდებებზე, მიზნობრივი სოციალური პროგრამების ზრდა, სოციალურ-შრომით ურთიერთობებში სამართლებრივი რეგულაციების განვითარება. კანადის მუშათა კონგრესისი უმაღლესი ორგანოა ყრილობა, რომელიც 2 წელიწადში ერთხელ მოიწვევა. ყრილობა ირჩევს აღმასრულებელ კომიტეტს, რომელშიც წარმოდგენილია ყველა პროვინციისა და ტერიტორიის პროფკავშირული ფედერაციები. კონგრესის ყრილობაზე ირჩევენ პრეზიდენტს, ორ აღმასრულებელ ვიცე-პრეზიდენტსა და მდივან-ხაზინადარს. კანადის მუშათა კონგრესი გამოსცემს ყოველთვიურ ჟურნალს „კანადის მშრომელები“. კანადის მუშათა კონგრესს აქვს საგაფიცვო ფონდი და პროფკავშირული კოლეჯი, სადაც ამზადებს სათანადო კადრებს. იგი აქტიურად არის ჩართული პროფკავშირების საერთაშორისო კონფედერაციის მუშაობაში, განსაკუთრებით კი განვითარებად ქვეყნებში ახალი პროფკავშირული მოძრაობების დახმარებაში. კანადის მუშათა კონგრესი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ახლო პარტნიორი გაერთიანებაა.

1982 წელს კანადის მუშათა კონგრესს გამოეყო რამდენიმე ტრანსნაციონალური პროფკავშირი, რომელთაც დააფუძნეს კანადის შრომის ფედერაცია. აღნიშნული ფედერაცია აგრძელებს ტრანსნაციონალურ ერთობას შრომის ამერიკულ ფედერაცია-სამრეწველო პროფკავშირების კონგრესთან.

1921 წელს კანადაში დაფუძნდა ეროვნული პროფკავშირების კონფედერაცია. მისი დაფუძნება განაპირობა კანადური პროფკავშირების სწრაფვამ განთავისუფლებულიყვნენ მეზობელი ქვეყნის პროფკავშირების ტრანსნაციონალური ჩარჩოებიდან, რომელიც მრავალი ათწლეული განმავლობაში ერტყა კანადაში პროფკავშირულ ორგანიზაციებს. კანადის ეროვნული პროფკავშირების კონფედერაციაში განსაკუთრებით ჭარბობენ ფრანგულენოვანი მშრომელები. კონფედერაცია პროგრესული სოციალურ-ეკონომიკური გარდაქმნების პროგრამით გამოდის. კანადის ეროვნული პროფკავშირების კონფედერაციის უმაღლესი ორგანოა ყრილობა, რომელიც 2 წელიწადში ერთხელ მოიწვევა. კონფედერაციის ყრილობა ირჩევს კონფედერალურ საბჭოს, რომელიც თავის მხრივ ირჩევ აღმასრულებელ კომიტეტს. კონფედერაციას ხელმძღვანელობს პრეზიდენტი. კანადის ეროვნული პროფკავშირების კონფედერაციის ბეჭვდითი ორგანოა „ეპკ-ს სიახლეები“. კონფედერაცია ეწევა საერთაშორისო პროფკავშირულ თანამშრომლობას.

1972 წელს კანადის ეროვნული პროფკავშირების კონფედერაციას გამოეყო პროფკავშირელთა ნაწილი, რომელტაც დააფუძნეს დემოკრატიული პროფკავშირების პროფცენტრი. იგი აქტიურ საინფორმაციო კამპანიებს ეწევა, განსაკუთრებით მისი ბეჭვდით ორგანოს - „დპპც-ის ბიულეტენის“ მეშვეობით.

1969 წელს დაფუძნდა სრული პროფკავშირული დამოუკიდებლობის პლატფორმაზე მდგომი კანადის პროფკავშირების კონფედერაცია, რომელიც არ იმყოფება, არანაირ ტრანსნაციონალურ პროფკავშირულ ერთობაში მეზობელი ქვეყნის პროფკავშირებთან და თავის ქმედებებში არის სრულიად დამოუკიდებელი.

კანადის პროფკავშირულმა მოძრაობამ თითქმის საუკუნენახევრის  განმავლობაში, ტრანსნაციონალური ჩარჩოების გავლით დამოუკიდებლობამდე, დიდი გზა განვლო და დღეს ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი პროფკავშირული ძალაა მსოფლიოს ყველაზე განვითარებული ქვეყნების პროფკავშირებს შორის.

tgedevanishvili

Close
Close

Please enter your username or email address. You will receive a link to create a new password via email.

Close

Close