პროფკავშირები სან-მარინოში

პროფკავშირები სან-მარინოში

პროფკავშირები სან-მარინოში

სტატიის ავტორი; დავით არაბიძე

სან-მარინო იტალიით გარშემორტყმული საპარლამენტო რესპუბლიკაა აპენინების ნახევარკუნძულზე. სან-მარინოს ტერიტორია სულ რაღაც 61 კვადრატულ კილომეტრს შეადგენს, ხოლო მოსახლეობა 35 ათასი ადამიანია. ეს პატარა რესპუბლიკა ევროპის ერთ-ერთი უძველესი სახელმწიფოა, მართალია ტერიტორიითა და მოსახლეობით მცირე, მაგრამ დამოუკიდებელი სახელმწიფო. სან-მარინოს განვითარებული ეკონომიკა აქვს, რომელიც როგორც აგრარული, ასევე სამრეწველო სექტორებისგან შედგება, მაგრამ მისი მთავარი შემოსავლის წყარო მაინც ტურიზმია. სან-მარინოს რესპუბლიკაში ორი პროფკავშირული გაერთიანება მოქმედებს: სან-მარინოს შრომის კონფედერაცია და სან-მარინოს მშრომელთა დემოკრატიული კონფედერაცია, რომლებიც აერთიანებენ დასაქმებულთა ნახევრს, რაც ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელია ევროპაში.

სან-მარინოს შრომის კონფედერაცია დაფუძნდა 1945 წელს. მის უმაღლეს ორგანოს ყრილობა წარმოადგენს, ყრილობათა შორის პერიოდში კონფედერაციის ხელმძღვანელი ორგანოებია: მმართველი საბჭო, სამდივნო და გენერალური მდივანი. შრომის კონფედერაცია გამოსცემს ყოველთვიურ საინფორმაციო ბიულეტენს: „არგუმენტები“. სან-მარინოს შრომის კონფედერაცია საერთაშორისო პროფკავშირული მოძრაობის აქტიური მონაწილეა. შრომის კონფედერაცია დასქმებულთა სოციალურ-შრომითი და ეკონომიკური ინტერესების დასაცავად აქტიური პოზიციით გამოდის და მისი მთავარი მოთხოვნაა სოციალური და სტრუქტურული რეფორმების გატარება, საზოგადოების დემოკრატიზაცია, პროფკავშირების როლის გაძლიერება რესპუბლიკის სოციალურ-ეკონომიკურ ცხოვრებაში.

სან-მარინოს მშრომელთა დემოკრატიული კონფედერაცია 1957 წელს დაფუძნდა და პირველ ეტაპზე კათოლიკური სოციალური დოქტრინით ხელმძღვანელობდა, ეკავა რეფორმისტული პოზიცია სოციალურ და შრომით საკითხებში, მაგრამ მე-20 საუკუნის 70-იანი წლების მეორე ნახევრიდან მშრომელთა დემოკრატიულმა კონფედერაციამ რადიკალურად გადახალისა თავისი პოზიცია და მოთხოვნები, მთავარ მიზნად საზოგადოებაში დემოკრატიული პრინციპების მეტად განხორციელება მოითხოვა. სან-მარინოს მშრომელთა დემოკრატიული კონფედერაციის უმაღლესი ორგანო ყრილობაა, რომელიც ირჩევს კონფედერაციის საბჭოს, სამდივნოსა და გენერალურ მდივანს. მშრომელთა დემოკრატიული კონფედერაციის პერიოდული ბეჭვდითი ორგანოა - გამოცემა „პროფკავშირული პასუხი“. მშრომელთა დემოკრატიული კონფედერაცია საერთაშორისო პროფკავშირული მოძრაობის წევრია.

1976 წელს სან-მარინოს შრომის კონფედერაციამ და მშრომელთა დემოკრატიულმა კონფედერაციამ დააფუძნეს ერთიანი პროფკავშირული ცენტრი. ორივე კონფედერაციამ შეინარჩუნა საკუთარი ორგანიზაციული სტრუქტურა და შიდა მართვის ორგანოები, მაგრამ შექმნა რა ცენტრი ამით ერთიანი გახადა ორივე კონფედერაციის საქმიანობა სოციალურ და ეკონომიკურ სფეროებში. ცენტრისთვის ამ ფუნქციის განსაზღვრით შესაძლებელი გახდა პარიტეტული პრინციპის დაცვით მმართველი კომიტეტისა და სამდივნოს ფორმირება. ამავე პრინციპის დაცვით ირჩევენ პროფცენტრის ქვედა რგოლებს: ზონალურ საბჭოებს (პროფკავშირული ტერიტორიული ორგანიზაციები) და საწარმოთა დელეგატთა საბჭოებს. პროფცენტრი ეხმარება ორივე კონფედერაციას არ მოხდეს გაუთვალისწინებელი წინააღმდეგობები მშრომელთა სოციალურ-შრომითი, ეკონომიკური, სამართლებრივი და პროფესიული ინტერესებისა და უფლებების დაცვის პროცესში. ერთიანი პროფცენტრი ასევე წარმატებით ანხორციელებს ორივე კონფედერაციის შეთანხმებულ საერთაშორისო და რეგიონულ პროფკავშირულ თანამშრომლობას.

განვითარებული პროფკავშირული მოძრაობა სან-მარინოს საზოგადოებრივი ცხოვრების დემოკრატიულობის მაჩვენებელია.

 

tgedevanishvili

Close
Close

Please enter your username or email address. You will receive a link to create a new password via email.

Close

Close